ვაქცინა კორონავირუსისათვის: გერმანიაში პირველი ცდებისათვის ემზადებიან

0
153

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნით მეcნიერები მთელ მსოფლიოში არიან დაკავებულნი. გერმანულმა ბიოტექნიკურმა კომპანიამ Curevac-მა ამ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მისი მეცნიერები ინტენსიურად მუშაობენ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე. კომპანიის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ახალი პრეპარატის კლინიკური გამოცდა უკვე აპრილში შეიძლება დაიწყოს.

როდის იქნება საბოლოოდ მზად ვაქცინა და როგორი მეთოდები გამოიყენება მისი შექმნის დროს? ეს და კიდევ სხვა კითხვები დაუსვეს „დოიჩე ველეს“ («Deutsche Welle») ჟურნალისტებმა ჰენრიხ ბიომემ და ელენა გიუნკელმა კომპანიის დამკვირვებელთა საბჭოს წევრს, მის მმართველ აქციონერს ფრიდრიხ ფონ ბოლენს.

«Deutsche Welle»: მსოფლიოს მეცნიერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვაქცინის შექმნელის ავტორობის მოსაპოვებლად. ამ მხრივ თქვენი კომპანია რბოლის ლიდერებს შორისაა. გვითხარით, როგორ მიდის მუშაობა პრეპარატის შექმნაზე?

ფრიდრიხ ფონ ბოლენი: დასაწყისისათვის გავარკვიოთ, თუ რა ხდება საერთოდ ამ სფეროში. გეტყვით, რომ ვაქცინა არ არის ინფექციური დაავადებისაგან ადამიანის დაცვის ერთადერთი საშუალება. პრეპარატები შეიძლება უკვე დასნებოვნებული ადამიანისათვისაც დამზადდეს, ამ სფეროშიც მიდის კვლევა-ძიება. დღეს უკვე გასაგებია, რომ კორონავირუსს SARS-CoV-2-ის აგრესიულ ფორმმას „კოვიდ-19“-ს შეუძლია ფილტვების მწვავე ანთება გამოიწვიოს, ამიტომ მუშავდება ისეთი წამლები, რომლებითაც ამ დაავადებით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს უნდა უმკურნალონ. თუმცა რასაკვირველია, დღეისათვის ყველაზე მთავარია „კოვიდ-19“ ით დაავადების თავიდან აცილება და შესაბამისი ვაქცინის შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე მიდგომა არსებობს. ჩვენ მივდივართ ვირუსის გენეტიკური კოდის (mRNA – messenger RNA, ანუ რიბონუკლეინმჟავის ფრაგმენტის გადატანის) გზით. უკვე გვაქვს შედეგები და ვფიქრობ, მალე მისი კლინიკური გამოცდის ეტაპზე გადავალთ. ვსარგებლობთ ძალიან კარგი სუბსტანციებით, რაც, ჩემი აზრით, ეფექტური მოქმედების ვაქცინის შექმნაში დაგვეხმარა.

«Deutsche Welle»: რას ნიშნავს სიტყვა „მალე“? იქნებ დრო უფრო ზუსტად გამოხატოთ. ახლა ძალიან ბევრ ადამიანს კითხვა უჩნდება – რამდენ ხანს გაგრძელდება მსოფლიოში საკარანტინო იზოლაციის რეჟიმი. გაქვთ რაიმე დროებითი გეგმა ვაქცინის შექმნის პროცესთან დაკავშირებით?

ფრიდრიხ ფონ ბოლენი: მე ვაქცინის მწარმოებელი არ ვარ. როცა შეიქმნება, აუცილებლად გაცნობებთ. საერთოდ, ვაქცინის წარმოების პროცესი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩემი ვარაუდით, პრეპარატი რამდენიმე თვეში დამზადდება. რაც შეეხება ადამიანებზე მის გამოყენებას, ეს პროცესი მხოლოდ ერთი წლის ვადაში შეიძლება დაიწყოს.

«Deutsche Welle»: რა მოცულობის ვაქცინის დამზადება შუძლია თქვენს საწარმოს?

ფრიდრიხ ფონ ბოლენი: დღეს არავინ არ იცის ზუსტად, თუ როგორი დონის იმუნური დაცვა არის აუცილებელი ადამიანისათვის, რათა ეფექტურად იქნეს თავიდან აცილებული რომელიმე დაავადებით დაინფიცირება. სწორედ ეს ფაქტორი აბრკოლებს ვაქცინის შექმნის გეგმების რეალიზებას. ყველას ზუსტი ვადების მოსმენა უნდა, მაგრამ ასეთ საკითხზე დაუფიქრებლად საუბარი არ გამოდგება. ვერც ადამიანებზე ვერ ჩავატარებთ უკონტროლო ცდებსა და ტესტებს – არსებობს სხვადასხვა რეგულატორები, რომელთა დაცვა აუცილებელია. გარდა ამისა, საჭიროა იმ მოხალისეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც დათანხმდებიან ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადონ. ასეთი წინაპირობების დაცვა და ცოდნის დაუფლება გარკვეულ დროს მოითხოვს. ამ პროცესის დაჩქარება მხოლოდ შეზღუდული სახით შეიძლება. უკვე ვიცით, რომ ვირუსის გენეტიკური კოდით სარგებლობას დიდი უპირატესობა აქვს. ადამიანის სრული დაცვისათვის ერთი მიკროგრამი სუბსტანცია საკმარისი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გრამით მილიონი ადამიანის აცრა შეიძლება. შედარებისთვის: ჩვეულებრივ მედიკამენტებში, როგორც წესი, 500-მდე მილიგრამი შესაბამისი სუბსტანცია არსებობს და მისი ერთი გრამით პრეპარატის მხოლოდ ორი დოზის დამზადება შეიძლება. ამ მხრივ mRNA-ს დიდი პოტენციალი აქვს. მისი მცირე რაოდენობით გამოყენების გზით დაცვის მაღალი დონის მიღწევა შეიძლება. ვცდილობთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ვფიქრობ, mRNA საკმარისი რაოდენობით 2020 წლის მეორე ნახევრისთვის გვექნება, მაგრამ არ ვიცი, ამ დროისათვის ნებადართული იქნება თუ არა მისი გამოყენება.

«Deutsche Welle»: გერმანიის ბიოტექნოლოგიური დარგი მაინცდამაინც ძლიერ არაა განვითარებული, თუ არ ჩავთვლით თქვენს კომპანიას და ორიოდე ფირმას. მიგაჩნიათ თუ არა, რომ კრიზისს, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ამ დარგის განვითარებისათვის ბიძგის მიცემა შეუძლია?

ფრიდრიხ ფონ ბოლენი: საერთოდ, საბაზო მეცნიერული კვლევების სტიმულირება გერმანიაში მაღალ დონეზეა, თუმცა ჩვენთან ბევრს არ ყოფნის იმის გაბედულება, რომ მეცნიერული კვლევების ნაყოფი კომპანიის კომერციულ პროდუქტად გადააქციოს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ერთ- ერთია ე.წ. „სარისკო კაპიტალის“ მცირე მოცულობა. საზოგადოებაში ჯერ კიდევ არასაკმარისია მსგავსი ინიციატივებისადმი ნდობა და მათი აღიარება. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. თანამედროვე მედიცინა ბევრად განსხვავდება კლასიკური მედიცინისაგან. ის რაც ამჟამად ხდება, მედიცინის ერთგვარ ტრასნფორმაციას წარმოადგენს, როცა მაღალი სიზუსტის მქონე ცოდნა ავადმყოფობის შესახებ, მოლეკულურ-ბიოლოგიურ დონეზე მიღებული, დიაგნოზის დასმისა და მკურნალობისთვის გამოიყენება.

ეს დარგი ინოვაციების დიდ მოცულობასთანაა დაკავშირებული, ის შეიძლება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას შევადაროთ. თუ ჩვენ იმას ვერ გავაცნობიერებთ, რომ იმ საწარმოებმა, რომლებიც მომავლის ახალ ტექნოლოგიებს ქმნიან, გერმანიაში უნდა იმუშაონ, ჩვენ შეიძლება ჩამორჩენილთა რიგებში აღმოვჩნდეთ.

წყარო: https://p.dw.com/p/3a0Vv

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here