
„გოლი და ორი საგოლე გადაცემა – ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი წარმატებული ტურნირი გამოდგა ქართველი ვარსკვლავისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის. მისმა გოლმა ორშაბათს, „სიეტლ სონდერსის“ (13′) წინააღმდეგ, „პარი სენ-ჟერმენს“ მინიმუმ მერვედფინალში თამაშის საშუალება მისცა“, – წერს ანალიტიკური ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი და აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ლიდერთან.
„გამოვარდნაზე არ გვიფიქრია. ბუნებრივია, ამ ტურნირზე ყველა გუნდი გამარჯვების რეალური კანდიდატია, მაგრამ ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვაჩვენოთ შესაბამისი დონე. რაც შეეხება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არსებულ კონკურენციას – უკვე ვნახეთ, რომ ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერი დაამარცხოს. არიან ფავორიტები, რომლებიც აგებენ კიდეც, მაგრამ ესეც ნორმალურია“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
ქართველი ვარსკვლავისთვის ბოლო ექვსი თვე ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. იანვარში „ნაპოლიდან“ პსჟ-ში 70 მილიონ ევროდ გადასვლის შემდეგ, ახალ კლუბში უკვე 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და მიითვალა 8 საგოლე გადაცემა.
„თავს კარგად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ გუნდის დახმარება შემიძლია და ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯები. რაც შეეხება „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლას – ჯერ კიდევ ვცდილობ გავიაზრო, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. უბრალოდ მიხარია, რომ ამ საოცარი კლუბის ნაწილი ვარ და გვერდით საოცარი ფეხბურთელები მყავს. რაც შეეხება იმას, გავაცნობიერე თუ არა, რას მივაღწიე ბოლო ექვს თვეში – ჯერ არა“, – ამბობს კვარაცხელია.
პსჟ-ს ტაქტიკურ სქემაში კვარაცხელია დაკარგული რგოლი აღმოჩნდა. ქართველმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაში და თავისი საბაზრო ღირებულება 80 მილიონი ევროდან 90-მდე გაზარდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
პარიზულ კლუბში გადასვლის შემდეგ, კვარაცხელია უფრო სრულყოფილ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, რომ შემტევმა ფეხბურთელებმაც დაცვაში კარგად ითამაშონ – „მინდა, რომ ჩემი მოთამაშეები განვითარდნენ. თუ ამას ინდივიდუალურად შეძლებენ, მთლიანად გუნდი გაიზრდება. თუ ვერ შეძლებ, მაშინ შენი სამწვრთნელო კარიერა დასრულდება. ჩემს მოთამაშეებს კომფორტის ზონა უნდა დატოვონ, რათა უკეთესები გახდნენ“.
მიუხედავად იმისა, რომ კილიან მბაპეს არასდროს სჯეროდა ამ მიდგომის და საბოლოოდ მადრიდის „რეალში“ გადავიდა, კვარაცხელია სრულად იზიარებს მწვრთნელის ხედვას.
„მოედნის ორივე ნახევარში უნდა შემეძლოს თამაში. აქ მოსვლისთანავე ამას განიხილავდნენ, რომ მხოლოდ თავდამსხმელი არ ვარ და ყველამ დაცვაშიც კარგად უნდა იმუშაოს“.
როგორც Transfermarkt-ი წერს, ეს მიდგომა ამართლებს – როგორც გუნდისთვის, ასევე პირადად კვარაცხელიასთვის. ქართველმა ფეხბურთელმა ივნისში ჩემპიონთა ლიგის თასი ასწია, ხოლო „სიეტლთან“ გატანილი გოლით პარიზელებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პლეი ოფისკენ გზა გაუხსნა.
0
0