
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2026 წლის 4 ივლისს ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღსანიშნავად UFC-ს ღონისძიების თეთრი სახლის ტერიტორიაზე ჩატარებაზე ფიქრობს, რომელსაც 20-25 000 მაყურებელი დაესწრება.
„თეთრი სახლის ტერიტორიაზე ბევრი სივრცეა“, – აღნიშნა ტრამპმა, რომელიც UFC-ს აქტიური გულშემატკივარია და ბოლო პერიოდში რამდენიმე ღონისძიებას ორგანიზაციის პრეზიდენტთან, დანა უაითთან ერთად დაესწრო. ტრამპმა იდეა აიოვაში გააჟღერა, სადაც იმ ღონისძიებათა ნაწილი დაიწყო, რომლის კულმინაციაც 2026 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავზე შედგება.
„ჩვენი ეროვნული პარკები, ბრძოლის ველები და ისტორიული ადგილები სპეციალურ ღონისძიებებს უმასპინძლებენ. ვფიქრობ, თეთრი სახლის ტერიტორიაზეც გვექნება UFC-ს ბრძოლა, რომელსაც 20-25 000 ადამიანი დაესწრება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები არ აქვთ, თუმცა პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი ამ იდეას სერიოზულად ეკიდება.
დონალდ ტრამპი UFC-ს ბრძოლებს ბოლოს 8 ივნისს ნიუ ჯერსიში დაესწრო, სადაც მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.
0
0