
როგორც Telegraph-ი წერს, წყალქვეშა ნავ Oceangate Titan-ის აფეთქების ხმა დამხმარე გემის მიერ გადაღებულ ვიდეოში დაფიქსირდა. Oceangate Titan-ის აღმასრულებელი დირექტორის, სტოკტონ რაშის მეუღლემ, ვენდიმ, დამხმარე გემზე ყოფნისას აფეთქების მაღალი ხმა გაიგო, მაგრამ ვერ გააცნობიერა, რა მოხდა. აფეთქებისას სტოკტონ რაში ოთხ სხვა მგზავრთან ერთად დაიღუპა.
როგორც ცნობილია, წყალქვეშა ნავი 18 ივნისს ატლანტის ოკეანის ზედაპირიდან დაახლოებით 3800 მეტრის სიღრმეზე გაუჩინარდა.
ვენდი რაშის მიერ გადაღებული კადრები ცოტა ხნის წინ მოიპოვა აშშ-ის სანაპირო დაცვამ, რომელიც წყალქვეშა ნავის აფეთქების მიზეზს ორი წლის განმავლობაში იძიებს. ვენდი რაში, რომელიც ქმართან ერთად ხელმძღვანელობდა Oceangate-ს, ბორტზე იმყოფებოდა და კომპიუტერის წინ იჯდა, რომელიც წყალქვეშა ნავთან კომუნიკაციისთვის გამოიყენებოდა. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ როდესაც წყალქვეშა ნავი 3300 მეტრის სიღრმეს აღწევს, აფეთქების ხმა ისმის. ვენდი რაშმა ეკიპაჟს ჰკითხა, თუ რა ხმაური იყო, სანამ წყალქვეშა ნავიდან ტექსტურ შეტყობინებას მიიღებდა, რომელშიც ეწერა, რომ ,,Titan’’-ი რუტინულად მოქმედებდა. შეტყობინებამ რაში დაარწმუნა, რომ ექსპედიცია ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მან შეტყობინება აფეთქების ხმის გავრცელებაზე გაცილებით გვიან მიიღო.
Oceangate Titan-ის ყოფილმა თანამშრომელმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ ,,Titan’’-ის უსაფრთხოდ დაპროექტების შესახებ გაფრთხილებები ჩაყვინთვამდე გაკეთდა. მისივე თქმით, ,,კომპანიამ შეგნებულად აირჩია სახიფათო მოკლე გზები, რამაც სახიფათო შედეგი გარდაუვალი გახადა, თუმცა მანამდე კომპანიამ ყველა სტანდარტული უსაფრთხოების წესი გადალახა. ტრაგედიის შემდეგ, Oceangate-მა სამუდამოდ შეწყვიტა თავისი საქმიანობა და რესურსები გამოძიებასთან სრულ თანამშრომლობაზე გადაიტანა. სააგენტოების ანგარიშების მოლოდინში, კომპანიისგან დამატებითი პასუხის გაცემა შეუფერებელი იქნებოდა’’.
ნახშირბადის ბოჭკოვან მასალასთან დაკავშირებული შეშფოთების მიუხედავად, ,,Titan’’-ის უსაფრთხოება დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ არასდროს შეფასებულა. აღნიშნული მასალა გამოყენებული იყო კორპუსის ასაგებად, სადაც მგზავრები ისხდნენ. აშშ-ის სანაპირო დაცვა მიიჩნევს, რომ ნახშირბადის ბოჭკოვანი ფენები წინა ექსპედიციის დროს დაიშალა, რაც წყალქვეშა ნავის 80-ე ასეთი ჩაყვინთვის შედეგი იყო. ჩაყვინთვისას მგზავრებმა განაცხადეს, რომ მათ ხმამაღალი დარტყმა გაიგეს, რაც რაშმა წყალქვეშა ნავის ჩარჩოს გადაადგილებას მიაწერა. თუმცა, აშშ-ის სანაპირო დაცვა ამჟამად მიიჩნევს, რომ ეს გამოწვეული უნდა ყოფილიყო დელამინაციით, რაც გულისხმობს მასალის უფრო თხელ ფენებად დაშლას.
,,წყალქვეშა ნავის აფეთქების შემდეგ, მისი ნამსხვრევები ატლანტის ოკეანის ფსკერზე მიმოიფანტა, ისევე როგორც სტოკტონ რაშის ტანსაცმელი და სავიზიტო ბარათები,’’ - განუცხადა Telegraph-ს ვენდი რაშმა.
0
0