
ალექსი ახვლედიანის ადვოკატის, ლალი აფციაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.
„არ მაქვს ინფორმაცია, რას ითხოვს პროკურატურა, მაგრამ მე ყველა ვარიანტში გირაოს მოვითხოვ. ჯერ ოდენობის თაობაზე ჩამოყალიბებული არ ვარ“, – აღნიშნა ლალი აფციაურმა.
აფციაურის თქმით, ალექსი ახვლედიანმა თორნიკე რიჟვაძე თავად გადაიყვანა მანქანით საავადმყოფოში, ვინაიდან მნიშვნელოვანი იყო სწრაფი რეაგირება.
„ამ ფაქტის თაობაზე ორი სიტყვით თვითონ ბატონმა ალექსიმ მითხრა. როდესაც ნახა ეს მდგომარეობა და 112-ის გამოძახება აგვიანებდა, უცებ მიიღო გადაწყვეტილება და მართლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან წამები წყვეტდა ამ ადამიანის სიცოცხლის საკითხს. თავისივე, საკუთარი მანქანით გადაიყვანა კლინიკაში. დასახმარებლად მიმართა იქვე მცხოვრებლებს, ადგილობრივებს“, – განაცხადა ლალი აფციაურმა.
ადვოკატის ინფორმაციით, გასროლის დროს ალექსი ახვლედიანი სხვა ოთახში იმყოფებოდა.
„რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, იმყოფებოდა მეორე ოთახში, მოშორებით, ან სააბაზანოში. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ლალი აფციაურმა.
ლალი აფციაური ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძე და ალექსი ახვლედიანი უახლოესი მეგობრები არიან და ხშირადაც სტუმრობდნენ ერთმანეთს.
„ამ ეტაპზე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომელიც არ ეყრდნობა საქმის მასალებს, ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა ბატონი ალექსის პირად ხელჩანთაში, რომელიც იდო ოთახში. თორნიკეს სადაც უნდა დაეძინა, იმ ოთახში ლოგიკურად ვერ იქნებოდა, არ უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ, ალბათ არც იქნებოდა. ხელჩანთას ხომ არ ვყარაულობთ, როცა მეგობრებთან ერთად სადმე ვსხედვართ“, – განაცხადა ლალი აფციაურმა.
ადვოკატის განმარტებით, ამ ეტაპზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, ალექსი ახვლედიანის და თორნიკე რიჟვაძის გარდა, სახლში კიდევ ვინმე თუ იმყოფებოდა, თუმცა ამბობს, რომ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და იქ არანაირი სუფრის კვალი არ არის.
„გუშინ ვნახე შემთხვევის ადგილი, რომელიც ჯერ ისევ ხელუხლებელია, იქ არანაირი სუფრის კვალი არ არის. შემთხვევა მოხდა საცხოვრებელ სახლში, იმ საძინებელში, სადაც ისვენებდა ბატონი რიჟვაძე.
ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარედგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, ახვლედიანს ბრალდება წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით გუშინ, 7 ივლისს შეიყვანეს. შემდეგ რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
0
0