
„ერთი მხრივ, ითხოვენ ეუთო/ოდირის ჩამოსვლას და სპეკულირებენ, რომ საქართველომ უარი თქვა, მეორე მხრივ, რეზოლუციას იღებენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს და ამ რეზოლუციით ორგანიზაცია საერთოდ დისკრედიტებულია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტში დღეისთვის დაგეგმილ დებატებსა და საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაზე.
„ამ რეზოლუციით არა მარტო მცდელობაა საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის, არამედ ეუთო-ოდირი არის გასწორებული მიწასთან. პრაქტიკულად, ახალი არჩევნები ჩატარდესო, მიუხედავად იმისა, რა დაწერა ეუთო/ოდირმა. მეორე მხრივ, ითხოვენ, დამკვირვებლად ჩამოვიდეს ეუთო/ოდირი. ეს არის აბსოლუტური გამოვლინება, მანიფესტაცია, რად ღირს ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია – სამარცხვინო, უსამართლო, ორმაგი სტანდარტებით სავსე. ზუსტად იციან, სააკაშვილმა დააშავა და მაინც ითხოვენ მის გათავისუფლებას, ვინაიდან იმ სცენარში ჯდება, რაც თავიდანვე დაწერეს, სააკაშვილი უნდა ყოფილიყო მომაკვდავი, რევოლუციის ლიდერი, სააკაშვილი დღეს უნდა ჩაუდგეს სათავეში დესტაბილიზაციის პროცესს. ეს ყველაფერი აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ჰგონიათ, რომ ხალხი ბრმაა ან უინტელექტო საზოგადოება ცხოვრობს საქართველოში. მოწინააღმდეგესაც და მომხრესაც ესმის, რას წარმოადგენს ეს რეზოლუცია. ეს არის პირდაპირ შეტევა სახალხო პარტიის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სერიოზული მფარველის მხრიდან საქართველოს ინტერესებსა და სტაბილურობაზე. უნდათ ჩვენი ნგრევა, სისხლისღვრა ქვეყანაში. ვითომ არ ყოფილა ეს ყველაფერი: საზღვარი არ დაარღვია, არც რევოლუცია დააპირა, ხალხის სისხლი არ დაღვარა, ვითომ არაფერი გაუკეთებია, არც მკვლელების მფარველობაში იყო ჩართული, რაზედაც სტრასბურგი ლაპარაკობს და არც ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები ყოფილა, რაზეც ასევე სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა, გესტაპო შექმნა საქართველოში და ვითომ ეს ყველაფერი არ ყოფილა. წერენ, რომ ეუთო/ოდირი არაფერს წარმოადგენს, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა და უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, სააკაშვილი უნდა განთავისუფლდეს. რა, შეიძლება, ამაზე ითქვას? ეს იქნება გამოვლენილი იმ არჩევნების დროს, რომელიც ძალიან მალე ჩატარდება საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, არსებობს ფაქტორები, რაც მიუთითებს, რამდენად სამართლაინია ევროპარლამენტის რეზოლუციები.
„ევროპარლამენტის რეზოლუციის გულწრფელობასა და მის ავტორიტეტულობაზე ვისაუბრე, როდესაც ვთქვი, რომ არ შეიძლება, დემოკრატიის შუქურა იყოს სააკაშვილი, რომელმაც გესტაპოს რეჟიმი შექმნა საქართველოში, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ. მით უმეტეს, ეუთო/ოდირის დასკვნას თუ ფეხქვეშ თელავ, არ უნდა მოითხოვო საქართველოში მისი ჩამოსვლა დამკვირვებლად. ეს არის ინდიკატორი, რამდენად სამართლიანია სხვა დანარჩენი დასკვნები. რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი, რომელიც დაუპირისპირდა საგარეო კურსს ან რამე გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ, რაიმე პროექტი არ მიიყვანა ბოლომდე, ფული მოიპარა? ფული არ დახარჯა ქვეყნისთვის, თუ რა, ბიძინა ივანიშვილთან რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ, ის, რომ ქვეყნის მმართველობის სათავეშია? რა დააშავა ამ ქვეყანამ, როდესაც დაუპირისპირდნენ პიროტექნიკით. ევროპული ქვეყნისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ პოლიციელს არათუ ხელით შეეხები, სიტყვიერად თუ შეურაცხყოფ, ძალიან მძიმე შედეგს მიიღებ. არაერთი მაგალითი მივიღეთ გერმანიაში, სხვა ქვეყნებში, როდესაც უბრალო კრიტიკის გამო ხალხი არა მარტო დაჯარიმებული, სანქცირებულები არიან, არამედ ციხეში გაუშვეს. ეს რეალობაა. იუკნევიჩიანეს ჭკუაზე რომ დგება ევროპარლამენტი, რასაკვირველია, საფუძველი გვაქვს, სწორედ ასე გავაკრიტიკოთ და კიდევ რბილად ვლაპარაკობ. სანქციებს აწესებს ევროკავშირი და ევროკავშირში არ არის ისეთი ერთგვაროვანი დამოკიდებულება, ზოგს აქვს ინტერესი, საქართველოში განვითარდეს ნგრევის პროცესი და ამას მთელი მეხუთე კოლონა თავისი მედიასაშუალებებით მიესალმებიან. ეს არ არის საერთო დამოკიდებულება. ადამიანები, რომლებსაც უხარიათ, რომ შეიძლება, ვიღაცამ ვინმე დაასანქციროს, პოლიტიკურ წარსულში უნდა დარჩნენ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
0
0