
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც თბილისში, ვაკის პარკში დატრიალდა. თანაზიარი ვარ ოჯახის, ნათესავების, მეგობრების მწუხარების. ჩვენ ვნახეთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ვინ არის დამნაშავე და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. რა თქმა უნდა, შესაბამისი ადამიანები დაისჯებიან. ეს დიდი ტრაგედიაა და ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გვერდში დავუდგეთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა. დაშავებული მოზარდები შადრევნიდან მეეზოვემ გამოიყვანა. სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი, 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ორი მოზარდიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორე მოზარდი ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026