
"ალტერნატივა გერმანიისთვის" კანდიდატი ულრიხ ზიგმუნდი აცხადებს, რომ გერმანიას მეტი ეროვნული სუვერენიტეტი ჭირდება.
ლანდტაგის არჩევნების გასაშუქებლად საქსონია-ანჰალტში ასობით უცხოელი მედიის წარმომადგენელი ჩავიდა. ბევრი მათგანი ტანგერმიუნდეს საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა, სადაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა და ყველა გამოკითხვის ფავორიტმა კანდიდატმა, ულრიხ ზიგმუნდმა მისცა ხმა.
ფრანგი ჟურნალისტის თხოვნაზე, ხომ არ შეეძლო უცხოური მედიისთვის პასუხები ინგლისურად გაეცა, 35 წლის პოლიტიკოსმა ინგლისურად უპასუხა, რომ ენა შესანიშნავად ესმის, თუმცა პასუხებს გერმანულად გასცემს.
შემდეგ მან ერთ რეპორტიორს „Bonjour“-ით მიესალმა, მეორეს — „Buongiorno“-თი, დანარჩენებს კი — „Welcome to Germany“-ით. ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ნიშნავდა ზიგმუნდისთვის ის ფაქტი, რომ საქსონია-ანჰალტში ამდენი რეპორტიორი ჩავიდა მთელი მსოფლიოდან. ულრიხ ზიგმუნდმა უპასუხა:
„მთელ ამ საარჩევნო კამპანიას გერმანიის ფარგლებს გარეთაც აკვირდებოდნენ. საქმე მხოლოდ საქსონია-ანჰალტის მხარეს არ ეხება, არც მხოლოდ გერმანიას — საქმე ეხება მთელ ევროპასა და მსოფლიოს სხვა კუთხეებს, რადგან ისინი ხედავენ: აქ დაიწყო მოძრაობა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას სჭირდება. ჩვენ, როგორც იქნა, გვსურს დავიბრუნოთ ეროვნული სუვერენიტეტი. მე გერმანელი პოლიტიკოსი ვარ და პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვაწარმოო. ახლა კი ეს ყველაფერი სრულიად უკონტროლო ხდება“.
ზიგმუნდს ისიც ჰკითხეს, რას უპასუხებდა მათ, ვისაც ეშინია, რომ გერმანია კვლავ მემარჯვენე კურსს დაუბრუნდება. ზიგმუნდის თქმით, ხალხს სანერვიულო არაფერი აქვს, რადგან გერმანია „კვლავ დაუბრუნდება ნორმალურ ვითარებას, კვლავ დაუბრუნდება საღ აზრს“.
„არ გვჭირდება, რომ ბრიუსელიდან გვკარნახობდნენ, ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ კვლავ გვჭირდება მეტი თავისუფლება, მეტი ეროვნული სუვერენიტეტი. იმიტომ, რომ ნამდვილი მრავალფეროვნება სწორედ ასე გვესმის — როგორც სახელმწიფოების ევროპა“."- განაცხადა ზიგმუნდმა.
P.S - გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს, რომლებიც შესაძლოა ისტორიული გახდეს. კენჭისყრა ფედერალური მხარის პარლამენტის შემადგენლობას განსაზღვრავს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 1,7 მილიონ ადამიანს აქვს.
20 წელზე მეტია, ამ მხარის სათავეში კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) წარმომადგენელი დგას, ამჟამად პრემიერ-მინისტრის პოსტს 47 წლის სვენ შულცე იკავებს. თუმცა რეიტინგებს დიდი უპირატესობით სათავეში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) უდგას, რომელმაც პირველად მიიღო რეგიონული მთავრობის ფორმირების შანსი. მისი ძირითადი კანდიდატია 35 წლის ულრიხ ზიგმუნდი. ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა, შეძლებს თუ არა AfD აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას.
ამ არჩევნების თავისებურება იმაშიც მდგომარეობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველად პრეტენზიას გამარჯვებაზე აცხადებს პარტია, რომლის რეგიონული განყოფილებაც გერმანიის კონსტიტუციის დაცვის უწყებამ მემარჯვენე-ექსტრემისტულად ცნო.
0
0