
ტექნიკურმა გიგანტმა Apple-მა აღიარა, რომ iPhone 15 Pro-ის ტიტანის ახალი ჩარჩო, დამცავი ბუდის გამოყენების გარეშე, ფერს იცვლის.
სულ რამდენიმე დღეა, რაც Apple-მა ტელეფონის ახალი მოდელები - iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max - გამოუშვა. ინტერნეტში უკვე გავრცელდა ცნობები, რომ ხელში დაჭერის დროსაც კი შესაძლოა ტიტანის ჩარჩომ ფერი შეიცვალოს - ეს ინფორმაცია Apple-მა ოფიციალურად დაადასტურა.
სოციალური მედიის მომხმარებლებმა სურათები გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს ახალი ტელეფონების მნიშვნელოვნად გაუფერულებული კორპუსი და მასზე გადასული თითის ანაბეჭდები.
Apple-ის განცხადებით, „iPhone 15 Pro-სა და iPhone 15 Pro Max-ის მომხმარებლის კანის ცხიმმა შესაძლოა ლითონის ფერი დროებით შეცვალოს“.
ამ პრობლემის მიზეზი ის არის, რომ, იაფფასიანი iPhone 15-ისა და 15 Plus-ისგან განსხვავებით, უფრო ძვირადღირებული iPhone 15 Pro Max-ისთვის, უჟანგავი ლითონის ნაცვლად, გამოყენებულია მსუბუქი ტიტანი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მასალა ულტრამტკიცე და ზემსუბუქია, რუტინული შეხებით მეტალი შეიძლება გაუფერულდეს. ტიტანს "გარდამავალი ფერების" ჩვენების საინტერესო უნარი აქვს, ამიტომ გათბობისას მისი ზედაპირი ცისარტყელას ჰგავს. ანოდირების პროცესის დროს ტიტანის ზედაპირი რეაგირებს ჰაერთან და ის ოქსიდების ძალიან თხელ ფენებს წარმოქმნის, რომლებიც სინათლეს ფანტავს და ლითონს უცნაურ ფერს ანიჭებს. შესაბამისად, ტიტანის ზედაპირზე თითების შეხება ცხიმის თხელ ფენებს წარმოქმნის და იმავე ეფექტს იწვევს.
მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ვალტერ ნავარინის თქმით, ტიტანის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი ნაკლი „მისი ქრომატული ცვლილებაა, რომელსაც მის ზედაპირზე დატოვებული ცხიმოვანი ნივთიერებების კვალი წარმოქმნის. თუმცა, ტელეფონის ძვირადღირებული მოდელის მფლობელებს პანიკის საფუძველი არ აქვთ, რადგან მეტალი მუდმივად არ იცვლის ფერს“.
Apple-ის განცხადებით, „რბილი, ოდნავ ნესტიანი ქსოვილით“ ტელეფონის ჩარჩოს გაწმენდა მის თავდაპირველ სახეს აღადგენს.
Apple-ი ტიტანის სუფთად შენარჩუნების პრობლემას რამდენიმე წელია ებრძვის. 2021 წელს კომპანიამ iPhone-ის, MacBook-ის, iWatch-ისა და iPad-ის ტიტანის შენადნობების ზედაპირების სპეციალური დამუშავებისა და მათზე თითის ანაბეჭდების დაფარვისთვის პატენტები მოიპოვა.
0
0