
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ტერიტორიულ და უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმება ძირითადად მიღწეულია.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ანკორიჯში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ფოქს ნიუსის“ წამყვანმა, შონ ჰანითიმ დონალდ ტრამპს ჰკითხა, ტერიტორიების გაცვლის შესაძლებლობაზე, რის შედეგადაც რუსეთს უფრო მეტი ტერიტორია ექნება, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების ზომებზე, რომლებიც არ იქნება ნატო-სთან დაკავშირებული, აშშ-ის პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ისინი ძირითადად შეთანხმდნენ.
„ვფიქრობ, ეს ის საკითხებია, რომლებიც განვიხილეთ და ეს არის საკითხები, რომლებზეც ძირითადად შევთანხმდით“, – აღნიშნა მან.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინის თანხმობა.
„ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან. უკრაინა ამას უნდა დათანხმდეს, შესაძლოა, თქვან – არა. დიდ საომარ მანქანას ებრძვიან. ვფიქრობ, ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ ამის თქმა არ მომწონს. როდესაც ნამდვილად ახლოს ვარ, მე ყოველთვის ვამბობ, 50/50-ზეა, რადგან შესაძლოა, ბევრი რამ მოხდეს. თუმცა, ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს სურს პრობლემის გადაჭრა“, – თქვა მან.
1.tv
0
0