
ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ თავდასხმის შესახებ 7 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი” ავრცელებს.
ამერიკული გამოცემის თანახმად, ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელმა, აბას ქამელმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკა „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, რათა დამატებით გაეფრთხილებინა და ეცნობებინა ღაზიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, მას შემდეგ, რაც ეგვიპტის მიერ მანამდე გაკეთებული ორი გაფრთხილება უგულებელყოფილი იქნა. გამოცემის თანახმად, ეგვიპტელმა ოფიციალურმა პირებმა ისრაელი ჯერ კიდევ 2023 წლის ივნისში გააფრთხილეს ღაზასთან დაკავშირებული ვითარების ზოგადი არასტაბილურობის შესახებ და ურჩიეს, განეახლებინა მოლაპარაკებები პალესტინურ დაჯგუფებასთან მძევლებისა და პატიმრების გაცვლის თაობაზე.
ანგარიშში, რომელიც არაბული ქვეყნის მთავრობის ანონიმურ წარმომადგენლებს ეყრდნობა, ნათქვამია, რომ სექტემბერში ქამელი ისრაელში გაემგზავრა და გააფრთხილა, რომ „ღაზაში ვითარება უკიდურესად მძიმეა და შესაძლოა, ყველასთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდეს“. თუმცა, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა გაფრთხილებები უგულებელყვეს და ქამელს უთხრეს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდა, რამაც ოქტომბერში ნეთანიაჰუს ოფისში დარეკვა გამოიწვია.
„ეგვიპტელები ისრაელის გაფრთხილებას თავდასხმამდე 48 საათით ადრე აგრძელებდნენ“, – აღნიშნულია სტატიაში.
ნეთანიაჰუმ მანამდე უარყო, რომ თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე ქამელთან რაიმე სახის საუბარი ჰქონდა. ანგარიშში ასევე იმეორებენ ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერმა, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანმა 2023 წლის სექტემბერში ნეთანიაჰუს დაურეკა, რათა “ჰამასის” მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გაეფრთხილებინა.
0
0