
ევროკავშირის დაფინანსების პროგრამების შემსწავლელი ანგარიშის პროექტში კონსერვატორი კანონმდებლები ამტკიცებენ, რომ ევროკომისიამ ოფიციალურად უნდა აკრძალოს ევროკავშირის სახსრების გამოყენება ლობირებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
POLITICO-ს ხელთ არსებული ანგარიში იმ ერთწლიანი შეფასების შედეგია, რომელიც ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის ჯგუფმა - ე.წ. „მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა“ - ჩაატარა. ჯგუფის მიზანი იყო შეესწავლა, თუ როგორ ანიჭებს ევროკომისია დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა სუბიექტებს.
ჯგუფი 2025 წლის ივნისში შეიქმნა მას შემდეგ, რაც კონსერვატორმა ევროპარლამენტარებმა ევროკომისია „მწვანე შეთანხმების“ მხარდასაჭერად ეკოლოგიური ორგანიზაციების დაფინანსებაში დაადანაშაულეს.
„ევროპის სახალხო პარტიის“ წევრის, დირკ გოტინკისა და „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა“ წარმომადგენლის, კარლო ფიდანცას თანაავტორობით მომზადებული ანგარიშის პროექტის თანახმად, გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა „კონკრეტული მტკიცებულება“ იმისა, რომ ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებს მის სასარგებლოდ ლობირებისთვის უხდიდა, ან რომ ევროკავშირის რაიმე კანონი დაირღვა.
მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ევროკავშირის ფული არასამთავრობო ორგანიზაციების ლობირებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული, მიუხედავად იმისა, ასრულებენ თუ არა ისინი ევროკომისიის მითითებებს.
„თვით ის ფაქტი, რომ კომისიამ და სააგენტოებმა დაამტკიცეს და დააფინანსეს პროექტები, რომლებიც ლობირების მცდელობებს მოიცავდა, თავისთავად საეჭვოდ გამოიყურება“, - ამტკიცებენ ევროპარლამენტარები.
ისინი მოითხოვენ, რომ ევროკომისიამ აკრძალოს არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციების მიერ ევროკავშირის სახსრების გამოყენება ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებზე გავლენის მოსახდენად, ხოლო დამრღვევებს მომავალში ევროკავშირის დაფინანსებაზე წვდომა შეუზღუდოს.
ავტორები ასევე აკრიტიკებენ ევროკომისიას გრანტების განაცხადების შეფასებისა და თანხების გაცემის პროცესში საკმარისი გამჭვირვალობის არარსებობის გამო.
ანგარიში რეკომენდაციას უწევს ევროკომისიას, რომ აკრძალოს ევროკავშირის სახსრების გამოყენება ლობირებისთვის, საჯარო გახადოს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შესახებ და გააუმჯობესოს იმის მონიტორინგი, თუ როგორ იხარჯება ეს თანხები.
0
0