
12 მარტს, დღის პირველ ნახევარში რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა კურსკის ოლქში, ქალაქ სუჯის ცენტრში შეაღწიეს.
გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ჩანდა, რომ რუსი სამხედროები რუსეთისა და სხვადასხვა დანაყოფების დროშებს ქალაქის ცენტრში შლიდნენ.
Z-არხი АРХАНГЕЛ СПЕЦНАЗА წერდა, რომ "სუჯის გათავისუფლებამდე სულ ცოტა დარჩა". ამ არხის ცნობით, ქალაქში რუსი სამხედროები "სამუშაოს აგრძელებდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან ქალაქის სრულად გასაწმენდად". ამავე არხზე რამდენიმე საათის შემდეგ, უკვე 13 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამი იყო, რომ სუჯაში სიტუაცია კვლავინდებურია და რუსმა სამხედროები "ქალაქს ფაქტობრივად აკონტროლებენ", თუმცა "მიმდინარეობს დასახლებული პუნქტის მოწინააღმდეგისგან აქტიური წმენდა". მსგავს ცნობებს ავრცელებენ ომის მხარდამჭერი სხვა რუსი სამხედრო ბლოგერებიც. Рыбарь-ი ირწმუნება, რომ ქალაქი სუჯა გაათავისუფლეს და მიმდინარეობს მიმდებარე სოფლების წმენდა.
ამას გარდა, უკრაინულმა სამხედრო-ანალიტიკურმა პროექტმა DeepState-მა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთანაა დაახლოებული, გამოაქვეყნა ცნობა, რომ ბრძოლები სუჯის გარეუბნებში ვრცელდებოდა. მათ მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე ჩანს, რომ ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს მიღმაა დარჩენილი, თუმცა დასახლების დასავლეთ ნაწელი რუხ ზონაშია მოქცეული. როგორც DeepState-მა ხაზი გაუსვა, ესაა მონაკვეთები, სადაც ბრძოლები გრძელდება. მათ ქალაქიდან უკრაინელი სამხედროების სრულად გამოყვანის შესახებ გავრცელებული ცნობა უარყვეს.
ასევე, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი და მისი ერთ-ერთი ქვეშევრდომი, აპტი ალაუდინოვი, რომელიც სპეცრაზმი ახმატის მეთაური და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური სამუშაოების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილეა, ირწმუნებიან, რომ ქალაქი სუჯა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშში სუჯის გათავისუფლების შესახებ 12 მარტს არაფერი დაუწერია.
პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ თქვა, რომ სუჯის შემოგარენსა და მის მახლობლად მდებარე რაიონებში ბრძოლები გრძელდება. მან აღნიშნა, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში მისი პრიორიტეტი უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნება იქნება და საჭიროების შემთხვევაში, შეასრულებენ "მანევრებს უფრო ხელსაყრელ ფარგლებში". მისივე თქმით, კურსკის ოლქში თავდაცვით პოზიციებს მანამ შეინარჩუნებენ, სანამ ეს "მიზანშეწონილი და აუცილებელი" იქნება.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს.
(ფოტოზე: მარცხნივ - უკრაინული ღია წყაროების ანალიტიკის პროექტი DeepState-ის რუკა, ლურჯად აღნიშნულია ტერიტორია, რომელსაც უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ; მარჯვნივ - რუსი სამხედროები სუჯის ცენტრში)
0
0