
პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი უდიდესი ხმაა - დღეს ის 71 წლისაა და ციხეში ზის, შვიდი წელი აქვს მისჯილი იმის გამო, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ.
„ის მარტო არ არის. გასულ კვირას ქართველი პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი. მათ ციხეში არსებულ საშინელ პირობებზე გვიამბეს. დღეს შევხვდი ნინი მანჯგალაძეს, რომლის მამასაც ბურჭულაძესთან ერთად გამოუტანეს განაჩენი. ნინი დღეს საღამოს აქ, ჩვენთან ერთადაა, დარბაზში. მან გვითხრა, რომ მამამისი 16-კვადრატული მეტრის საკანს ხუთ სხვა პატიმართან ერთად იყოფს. ციხიდან მან ჩვენთვის გზავნილი გამოაგზავნა: „ევროპა საქართველოს სახლია“. მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა მხარდაჭერისთვის. ბევრი სხვა პატიმარი ახალგაზრდაა, რომელთა ნასამართლობამაც შესაძლოა მთელ მათ ცხოვრებას დაღი დაასვას და სწავლა თუ სამსახურის პოვნა გაურთულოს. მათ უნდა დავეხმაროთ. ამ შაბათს ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართველები ყოველდღე აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლისთვის. მოდით, ვიყოთ ისეთივე შეუპოვრები, როგორებიც ისინი არიან, და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც საქართველოს მომავალს ართმევს“, - აღნიშნა მან.
0
0