
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2024 წლის აგვისტოში, საქართველოში „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, USAID-ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი სააგენტოს სოციალური ქსელების გიგანტ Meta-სთან პირდაპირი საკონტაქტო არხის დამყარებას სთავაზობდა.
2024 წლის 16 აგვისტოთი დათარიღებული ელექტრონული წერილით დგინდება, რომ კომპანია DAI-ის წარმომადგენელი რიჩარდ ჰეზელვუდი მიმართავს USAID-ის თანამშრომელ ლინა პანტელეევას. წერილის მიმღებთა სიაში ასევე ფიგურირებენ უწყების სხვა წარმომადგენლები და DAI-ის თანამშრომელი გივი ჭანუყვაძე.
მიმოწერის საბაბი გახდა გამოცემა Civil Georgia-ს იმავე დღის სტატია, რომელიც Meta-ს მიერ რუსული წარმოშობის ყალბი ანგარიშებისა და გვერდების წაშლას ეხებოდა.
ჰეზელვუდი წერილში აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, აქვს თუ არა USAID-ის მისიას პირდაპირი კავშირი Meta-სთან, თუმცა სააგენტოს კომპანიის ერთ-ერთ მენეჯერთან დაკავშირებას სთავაზობს.
„Meta-ს კონტენტისა და პროდუქტის პოლიტიკის მენეჯერი (დეზინფორმაციის მიმართულებით), მაიკ ბრედოუ ჩემი მეგობარი და კონტაქტია. ის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა USAID-ში როგორც ცენტრალურ აზიაში, ისე გარდამავალი ინიციატივების ოფისში. ის შესაძლოა კარგი საკონტაქტო პირი იყოს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
აღნიშნული მიმოწერა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებული იმ ფაილების ნაწილია, რომელთა გასაჯაროებასაც ბოლო დღეებში აშშ-სა და საერთაშორისო მედიაში აქტიური განხილვა მოჰყვა. კრიტიკოსები ამ დოკუმენტებს სახელმწიფო სტრუქტურების, კონტრაქტორი ორგანიზაციებისა და ტექნოლოგიური პლატფორმების არაფორმალური კოორდინაციის მაგალითად განიხილავენ.
0
0