
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გასაჯაროებული ფაილების კიდევ ერთ ნაწილში საუბარია სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამების როლზე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში სოციალური ქსელების მონიტორინგისა და ანგარიშების გაუქმების პროცესში.
დოკუმენტის თანახმად, USAID-ის მხარდაჭერა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ეხმარება, გამოავლინონ დეზინფორმაციული კამპანიები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ტექსტში ხაზგასმულია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) საქმიანობა.
„საქართველოში Facebook-მა USAID-ის მიერ მხარდაჭერილ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) მიაწერა დამსახურება 500-ზე მეტი გვერდის, Facebook-ის 100 ანგარიშისა და 120 ჯგუფის, ასევე Instagram-ის 56 ანგარიშის წაშლაში, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებდნენ“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე მოყვანილია სხვა ქვეყნების მაგალითებიც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ უკრაინასა და მოლდოვაში USAID-ის დახმარებამ ე.წ. „ტროლებზე მონადირე“ ორგანიზაციებს საშუალება მისცა, Facebook-ისთვის 200-ზე მეტი არაავთენტური ანგარიშის შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია, რის შემდეგაც პლატფორმამ ეს გვერდები გააუქმა. გარდა ამისა, მოლდოვაში, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, სწორედ ამ მხარდაჭერით შეიქმნა ფაქტების გადამმოწმებელთა პირველი ეროვნული კოალიცია.
დოკუმენტში ნახსენებია „ევრაზიული ახალი ამბების გაძლიერების“ პროგრამაც, რომელიც ნიკარაგუაში მოქმედ მედიასაშუალებასთან თანამშრომლობს და ავტორიტარული აქტორების მიერ გამოყენებულ ტაქტიკებს აშუქებს. ფაილის მიხედვით, 2021 წლის ივლისში გამოქვეყნებულმა ანგარიშმა - „პუტინის სახელმძღვანელო: ავტორიტარი ლიდერები მთელ მსოფლიოში განსხვავებული აზრის ჩასახშობად რუსულ ტაქტიკას იყენებენ“ - საქართველოში, მოლდოვასა და ნიკარაგუაში 250 000 ადამიანი მოიცვა.
0
0