
ომის მშვიდობიანი მოგვარების ფარგლებში, უკრაინას მოუწევს ტერიტორიების ნაწილის დათმობა უსაფრთხოების მომავალი გარანტიების სანაცვლოდ. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა მაიკ უოლცმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან დაადასტურა, რომ სამშვიდობო შეთანხმება მოიცავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ გარიგებას, ასევე, უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიების ნაწილზე უარის თქმას.
„ეს არის მოლაპარაკებების ის კომპონენტები, რომლებიც უკვე 2022 წელს იყო და მანამდეც. ეს იქნება ერთგვარი ტერიტორია უსაფრთხოების მომავალი გარანტიებისთვის, უკრაინის მომავალი სტატუსისთვის“, - განაცხადა მან.
უოლცის თქმით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაძევება შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ამიტომ, შეერთებული შტატები კონფლიქტის მოგვარების საქმეში უფრო ფრთხილ მიდგომას იყენებს.
„ვაპირებთ თუ არა ყველა რუსის გაძევებას უკრაინის მიწის ყოველი სანტიმეტრიდან, ყირიმის ჩათვლით? [აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო] ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგია იყო, ეს გაეკეთებინა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იყო, განურჩევლად ვადებისა, რაც არსებითად გაუთავებელი ომია იმ პირობებში, როდესაც ჩვენ, ფაქტობრივად, ვკარგავთ ასობით ათას ადამიანს რამდენიმე თვეში. ეს შეიძლება გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომში. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. მაგრამ ადგილზე რეალურ ვითარებაზეც უნდა ვისაუბროთ და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ დიპლომატიის, არაპირდაპირი მოლაპარაკებების გზით“, - ხაზგასმით აღნიშნა უოლცმა.
მან ასევე ისაუბრა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. მისი თქმით, ეს ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ, როგორც თავდაცვის მდივანმა განაცხადა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, უკრაინის გზა ნატოსკენ ან ნატოში მუდმივი წევრობისკენ წარმოუდგენლად ნაკლებად სავარაუდოა“, - დასძინა უოლცმა.
0
0