
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობა, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს, დაფარული იქნება. ბრალდების მხარე საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა დოკუმენტში, მასალასა და სხვა საპროცესო მოქმედებებში ასეთი პირის ვინაობის იმგვარად დაფარვას უზრუნველყოფს, რომ მისი იდენტიფიცირება და ამოცნობის შესაძლებლობა შეიზღუდოს.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებასა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართული პირის უსაფრთხოების და მისი თანამშრომლობის კონსპირაციის პრინციპის დაცვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის. პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, პროკურორი უფლებამოსილია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა დაფაროს, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს და გამჟღავნებით მოთანამშრომლე პირის უსაფრთხოებას ზიანი ადგება ან მართლმსაჯულების ინტერესს არსებითად ხელყოფს.
ბრალდების მხარე უზრუნველყოფს საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა დოკუმენტში, მასალაში და სხვა საპროცესო მოქმედებებში ვინაობის იმგვარად დაფარვას, რომ პირის ვინაობის იდენტიფიცირების და ამოცნობის შესაძლებლობა შეიზღუდოს. ამავე პროექტის მიხედვით, ასეთი პირი დაიკითხება დისტანციურად იმგვარად, რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან ამოცნობის შესაძლებლობა.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების მიუხედავად, მისი ვინაობა, საქმის წარმოების ყველა ეტაპზე მოსამართლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უვადოდ.
როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია გამოძიების ორგანოებთან მოთანამშრომლე პირთა დაცვის და მათი საქმიანობის კონფიდენციალურობის პრინციპის უზრუნველმყოფი რეგულაციების დახვეწის აუცილებლობით.
ინიციატორები ამბობენ იმასაც, რომ მიზანშეწონილია იმგვარი საკანონმდებლო ნორმების შემოღება, რომელიც, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირის ვინაობის გასაჯაროების შეზღუდვას მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მასთან დაკავშირებული პირების უსაფრთხოების დაცვას და მეორე მხრივ გაზრდის გამოძიებასთან თანამშრომლობის პროცესის კონფიდენციალურობის ხარისხს და მოთანამშრომლე პირთა ვინაობის გასაჯაროებას მინიმუმამდე დაიყვანს.
„კანონმდებლობა სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან შედარებით ბევრად მაღალ სტანდარტს ითხოვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად და ზღუდავს მისი გამოყენების შესაძლებლობასაც. ფარული საგამოძიებო მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. იმავდროულად, გამოყენებისთვის ინტენსივობისა და პროპორციულობის პირობაც დასაკმაყოფილებელია - ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა.
შესაბამისად, ეს საგამოძიებო მოქმედება გადის მკაცრ ფილტრს, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მისი ჩატარების ორგანიზებაც კონსპირაციის პრინციპს ემყარება. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირი იღებს ვალდებულებას საიდუმლოდ შეინახოს თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და თანამშრომლობის კონფიდენციალურობა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი უწყებებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მოთანამშრომლე პირთა შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შეზღუდვას, რაც ერთის მხრივ, ხელს უწყობს მოთანამშრომლე პირთა უსაფრთხოების უკეთეს დაცვას, ხოლო მეორეს მხრივ თანამშრომლობის კონსპირაციული ხასიათის გაძლიერებას.
ფარული საგამოძიებო მოქმედება უმეტესად ტარდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოსავლენად და ნაკლებად მძიმე კატეგორიის მხოლოდ ცალკეული დანაშაული ექცევა დაფარვის ქვეშ, ყველაზე ხშირად კი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამისად მომეტებულია მხილებაზე დამნაშავეთა მხრიდან საპასუხო ნეგატიური გავლენების რისკი და მეტად მოწყვლადს ხდის ამ ღონისძიებაში ჩართული პირის, ასევე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
0
0