
აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის აღსრულება ვერ მოხერხდა - 50 წლის კრისტა პაიკი ორი დოზა ლეტალური ინიექციის მიღების შემდეგაც გადარჩა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
პაიკის ადვოკატების თქმით, მომხდარი „აგონიად იქცა“ და დაირღვა მათი დაცვის ქვეშ მყოფის უფლება, სიკვდილით დასჯა სასტიკი და უჩვეულო მოპყრობის გარეშე აღსრულებულიყო.
მოგვიანებით ტენესის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ პაიკი სიკვდილით დასჯის მცდელობას გადაურჩა. უწყების განცხადებით, ლეტალური ინიექციისთვის გამოყენებული ქიმიური ნივთიერება აქამდე ყოველთვის ეფექტური იყო, ხოლო მოქმედი პროტოკოლი არ ითვალისწინებს დამატებით პროცედურებს იმ ღონისძიებების გარდა, რომლებიც იმ საღამოს უკვე ჩატარდა.
უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კრისტა პაიკი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სიკვდილით დასჯის პროცესზე დამსწრე ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პენტობარბიტალის ორი დოზის მიღებიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ პაიკის ხვრინვა ესმოდათ.
პაიკის სიკვდილით დასჯა ოთხშაბათს, დილის 10 საათზე იყო დაგეგმილი. მას 1995 წელს, 18 წლის ასაკში, თანაკლასელის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. სიკვდილით დასჯის შემთხვევაში, პაიკი ტენესის შტატში ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი ქალი იქნებოდა, რომლის მიმართაც სასჯელს აღასრულებდნენ.
აღსრულებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე სააპელაციო სასამართლომ ლეტალური ინიექციის ჩატარება შეაჩერა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.
პაიკის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში საგანგებო შუამდგომლობა შეიტანეს და სიკვდილით დასჯის შეჩერება მოითხოვეს. მათი განცხადებით, პაიკს „ზედმეტი აგონია“ მიადგა და შტატი არღვევს მის უფლებას, სიკვდილით დასჯა სასტიკი და უჩვეულო მოპყრობის გარეშე აღსრულდეს.
სიკვდილით დასჯის პროცესის დასასწრებად ოთახში მყოფმა შვიდმა ჟურნალისტმა მოგვიანებით ტელეკომპანია WVLT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ინიექციის გაკეთების შემდეგ პაიკი აშკარად ცოცხალი იყო და ხვრინავდა, რის შემდეგაც სასჯელაღსრულების თანამშრომლებმა ჟურნალისტები ოთახიდან გაიყვანეს.
როგორც The Guardian-ი წერს, პაიკი 18 წლის იყო, როდესაც მან და მისმა შეყვარებულმა, რომელიც იმ დროს 17 წლის იყო, 1995 წელს 19 წლის კოლინ სლემერი მოკლეს. სამივე Knoxville Job Corps-ის სტუდენტი იყო.
საქმემ ქვეყნის მასშტაბით დიდი ყურადღება მიიპყრო, მათ შორის მკვლელობაში მონაწილე პირების ასაკისა და დანაშაულის განსაკუთრებული სისასტიკის გამო.
0
0