
თბილისში „გამარჯვებას“ ზეიმობდნენ და კონცერტებს მართავდნენ, შინდისის გმირები კი აგვისტოს სიცხეში ეყარნენ, შინდისელ გმირებს მაშინდელმა ხელისუფლებამ არ მიხედა და არ გადმოასვენა, საპატრიარქოს წარმომადგენლები შევიდნენ და გადმოასვენეს, – ამის შესახებ შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ფრიდონ ზოიძემ რიტორიკული კითხვა დასვა, შინდისის ბიჭები ათმაგან გმირები არიან, რადგან ისეთი მხედართმთავრების და დაგეგმარების ხელში იყვნენ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება.
„ჩემი ძმა, 20 წლის ასაკში, ერთთვიანი თუ 70-დღიანი კურსი ჰქონდა გავლილი და აბსოლუტურად გამოუცდელი სამხედრო ბრძოლისთვის, მიჰყავთ ცხელ წერტილში და დაატარებენ ცხინვალის შიგნით. მეთაურები, ბატონი ყურაშვილი, ბატონი ზაზა გოგავა და დანარჩენი ბრიგადის მეთაურები, ბრონირებული ჯიპებით, დაცვით, პისტოლეტებით დადიან, მივლენ შედარებით დაბალი რანგის ოფიცრებთან, დაუსვამენ დავალებას, ისევ გადიან, ისეთ ფონს ქმნიან, ვითომ ვიღაც ურეკავს, ვიღაც ამერიკელი ელაპარაკება, რაღაც სასწაული ხდება. ეს ვარაუდი არ არის, პირადი საუბრებიდან ვიცი, ძალიან ბევრი ვეტერანია, რომლებსაც პირადად ვიცნობ, იმ ომში იყვნენ, გადარჩნენ და ჩამოვიდნენ.
მე მაქვს უფლება, რიტორიკული კითხვა დავსვა და მოვუწოდო შინდისის გმირების დანარჩენ ოჯახებს, გასაგებია, რომ ორმაგად და ათმაგად გმირები არიან, ისეთი მხედართმთავრების და დაგეგმარების ხელში იყვნენ, მაგრამ, ხომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება? რატომ არ არიან ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებში. კითხვები ჩემს მშობლებს აქვთ, როგორ მოხდა, რომ ამდენი ადამიანი ამ 5-დღიან საბრძოლო დაპირისპირებაში გაწირეს და ჩააბეს ომში, იმის გამო, რომ მეტი საკრალური მსხვერპლი სჭირდებოდათ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებას“,- განაცხადა ფრიდონ ზოიძემ.
0
0