
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „მსჯავრდებულმა, გიორგი დავითაძემ მის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე სააპელაციო სასამართლოში განაცხადა“.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება.
„აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც დავითაძის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
0
0
შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი
02/10/2026