
სიძულვილის კამპანიის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა მნიშვნელოვანი და სრულად მისასალმებელია, კანონმდებლობა უკვე გარკვეული პერიოდია, რაც საქართველოს პარლამენტმა მოიყვანა შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რომელიც უნდა არსებობდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში და რომელიც არ უშვებს მათ შორის სიძულვილის ენას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონმდებლობა არის სათანადო დონეზე და ახლა მნიშვნელოვანია, რომ აღსრულებაც იყოს აქტიური.
„მისასალმებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, პროაქტიულად მიუდგეს ამ საკითხს. შექმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც დაკავდება იმით, რომ აღმოიფხვრას ის მცდელობები ღვარძლის და მტრობის დათესვისა, რა მიზანიც სინამდვილეში აქვს სიძულვილის ენას საქართველოში. ეს ყველაფერი გარედან თავსმოხვეული სიძულვილის კამპანიებია, მათ შორის გუშინ იყო ზუსტად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც საბოლოო ჯამში ბეჭედი დაუსვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, სრული მხარდაჭერაა ამ გადაწყვეტილებით ამ პოლიტიკის მიმართ. საქმე ეხება 2022 წელს ერთ-ერთი მორიგი აქტივისტის მიერ პირდაპირ შეურაცხყოფას უშვერი სიტყვებით პოლიტიკოსების თუ საჯარო მოხელეების, რის გამოც მას დაეკისრა ჯარიმა. ეს საქმე სტრასბურგში წაიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ვისგან ფინანსდება საია?! ევროკავშირისგან. ანუ, წაიღო საია-მ სტრასბურგში და ამტკიცებდა, რომ ადამიანისთვის დედის გინება არის ჩვეულებრივი, დემოკრატიისთვის დამახასიათებელი მოვლენა. ასე რომ, ევროკავშირი აფინანსებდა ჩვენთან სიძულვილის ენის, როგორც დამკვიდრებას, ისე მის არაღმოფხვრას. სტრასბურგში, კიდევ ერთხელ დაამარცხა საქართველომ ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა, ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. ეს არის კიდევ ერთი მარცხი ბრიუსელისა და კიდევ ერთი გამარჯვება ქართველი ხალხის. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საელჩო არათუ გმობს სიძულვილის ენას, არამედ მათ, ვინც სიძულვილის ენით გამოირჩევა, აჯილდოებს. ასე რომ, ეს საკითხი წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკის ან ემოციების საკითხს, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.
0
0