
სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი რითაც არის დაკავებული, ეს არის პროპაგანდა, ეს არის, რასაც ჩვენ ვამხელთ, ეს არის ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლა, როცა ფიქრობენ, რომ პროპაგანდით ჩაანაცვლებენ ნამდვილ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ პროპაგანდა საქმეს ვერ ანაცვლებს, ჩანს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, სადაც არის მთავრობების მიმართ ნდობის ეროზია.
„შეხედეთ გერმანიას, საფრანგეთს. შეხედეთ, რა ხდება საფრანგეთის ქუჩებში, ეს სწორედ ნდობის ეროზიის შედეგია და შემდეგ შეხედეთ, სხვა ქვეყნებში როგორი ნდობა არის ხელისუფლების მიმართ. საქართველოში სწორედ იმიტომ არის ხალხის მხრიდან ნდობა ხელისუფლების, მთავრობის და პარლამენტის მიმართ, რომ როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა მოქმედებს ხალხის ინტერესებით და არა გლობალური ტრენდებით განპირობებული ინტერესების მომსახურებით, რასაც სამწუხაროდ ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა აკეთებს. სწორედ ეს იწვევს ნდობის რღვევას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0