
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობამ ბოლო წლებში შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა, ეს წინსვლა ხასიათდება პოლიტიკური დიალოგის გაფართოებით, ეკონომიკური თანამშრომლობით, კულტურათაშორის და ხალხთა შორის კავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) თავმჯდომარესთან, ვანგ ჰიუნინგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პაპუაშვილმა ჩინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოსა და ჩინეთს აქვთ საერთო ძალისხმევა, რომ დაიცვან ეროვნული სუვერენიტეტი, მშვიდობა და უსაფრთხოება, ასევე მტკიცედ დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ორმხრივი პატივისცემა საერთაშორისო ურთიერთობებში. ამ მხრივ, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის.
მომავალ წელს, ჩვენი ქვეყნები აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების 35 წლის იუბილეს. მჯერა, რომ დადებითი დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მზარდი თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაღრმავდება და ეტაპობრივად განავითარებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას, ყოვლისმომცველი პარტნიორობის დონეზე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0