
ჩნდება აღქმა, რომ ბრიუსელისთვის, ზოგიერთი დედაქალაქისთვის მისაღებია, როდესაც მშვიდობიან მიტინგეებს ხელკეტებით არბევენ და ძაღლებს უქსევენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დანიაში გადაღებულ კადრებს, რაც საზოგადოებამ იხილა, არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანურ მოპყრობასთან.
„ამაზე რეაგირების ნაცვლად, ჩვენ გვესმის მართლაც ცინიკური განცხადებები დანიის ხელისუფლების წარმომადგებლების მხრიდან, რომ დიალოგი ვერ შედგა და ამიტომ ძაღლები უნდა მიექსიათ და ხელკეტები ერტყათ ადამიანებისთვის, შემდგარიყვნენ მშვიდობიანი მომიტინგეებზე, ეს, რა თქმა უნდა, არ არის დამაკმაყოფილებელი. მნიშვნელოვანია, რომ დანიის ხელისუფლებამ გამოიძიოს მთლიანად ეს საქმე, დაისაჯოს ყველა, ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული.
შევახსენებ საზოგადოებას, რომ დანიას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ადამიანის უფლებების მხრივ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 90-იანი წლების ჩათვლით, დანიაში იყო სისტემური პრაქტიკა გრენლანდიის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით და მოტყუებით სტერილიზებისა. ქალი მოსახლეობის ნახევარზე მეტი მოტყუებით და იძულებით, მათ შორის არასრულწლოვნების, 12 წლის გოგონების სტერილიზება მოახდინეს მოტყუებით. დღემდე არ არის გამოძიებული ეს საქმე, არ არიან დასჯილი ის ექიმები, ვინც ამ პრაქტიკაში ჩართული იყვნენ და დღემდე საექიმო პრაქტიკას ეწევიან. ეს პრაქტიკა ბევრის მხრიდან გათანაბრებულია გენოციდთან. ამას დიდი ხანი ფარავდნენ და დღემდე არ იძიებენ, არ სჯიან დამნაშავეებს, ეს არის აღმაშფოთებელი.მნიშვნელოვანი არის, რომ გამოძიებული იყოს ბოლომდე და ყველა დაისაჯოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში მყოფი ელჩების მხრიდან დუმილი შესაძლოა, აიხსნას იმით, რომ „მათ ეშინიათ, გააკრიტიკონ საკუთარი თანამოკავშირე“ ან შესაძლოა, მათთვისაც „ეს მისაღებია“.
„ჩვენ მოვისმინეთ ასევე რეაქციები ქართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან – კი, რა თქმა უნდა, იქ იყო რაღაცა ძალადობა, თუმცა სამაგიეროდ, დანია არის მდიდარი ქვეყანა. ანუ, ეს არის სწორედ მათი წარმოდგენით ევროპული ღირებულება, რომ თუ ხარ მდიდარი ქვეყანა, თუ პენსია არის რაღაცა ოდენობის, მაშინ თურმე შეიძლება ძალადობა მშვიდობიან ადამიანებზე, ძაღლების მიქსევა და ხელკეტებით ცემა მშვიდობიანი პროტესტანტების. ასეთი ევროპა ესახებათ მათ წარმოდგენაში, მთავარია, იყო ეკონომიკურად კარგად და მერე შეიძლება უკვე, ცემო მშვიდობიანი მომიტინგეები და ძაღლებით გაიწიო მათკენ. ეს არის სამწუხარო რეალობა. ასევე სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერცერთმა ელჩმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა ვერ გაბედა ერთი სიტყვა ეთქვა. აქ მხოლოდ ორი შეფასება შეიძლება, გაკეთდეს – ერთი, რომ მათ ეშინიათ, გააკრიტიკონ საკუთარი თანამოკავშირე და მეორე – მათთვისაც ეს მისაღებია. მგონი, ეს მეორე უფრო რეალური ახსნაა, ვინაიდან ზუსტად მსგავსი კადრები ვიხილეთ ჩვენ ბერლინიდან, პარიზიდან სხვა დედაქალაქებიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0