
ეს აღარ არის უკვე ტყუილისა და დეზინფორმაციის შემცველი ანგარიშები, ეს არის თაღლითური ანგარიშები. ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, რომელსაც აქვს სპეციფიკური მიზანი, რომ განზრახ ტყუილით ნახონ სარგებელი და დააზიანონ სხვა. ეს ანგარიში არის პოლიტიკური თაღლითობის მაგალითი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე.
მისი თქმით, მსგავსი ანგარიშები ატარებს პოლიტიკური თაღლითობის ხასიათს.
„PACE-ს, რაც შეეხება, იცით, რომ ჩვენ დელეგაციას აღარ ვაგზავნით. ამ ადამიანებს რა უნდა ველაპარაკოთ?! როგორ შეიძლება ელაპარაკო ადამიანს, რომელიც გეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი?! იქ ხომ უკვე მთავრდება და ხვდები, რომ ეს ადამიანი ან არის სულელი და ვერ ხვდება რა არის დანაშაული და ა.შ. ან არის ჩვეულებრივი კორუმპირებული, რომელსაც დაავალეს და ამას ლაპარაკობს. ამიტომ ჩვენ თაღლითურ ანგარიშებთან დაკავშირებით არა თუ კომენტარი ვერ გვექნება, PACE-შიც არ ვმონაწილეობთ დელეგაციის სახით და ამით ყველაფერი ნათქვამია.
მისი თქმით, პარლამენტი არ აპირებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანოს და თავის დროზე იმ კანონმდებლობით ჩატარდება არჩევნები, რა რეგულაციებიც ახლაა განსაზღვრული.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა ვალდებულია პატივი სცეს იმ რეგულაციებს, რომელიც საქართველოში არსებობს, მათ შორის PACE-ც და არავინ უნდა ეცადოს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას.
„რახან მათ აბრევიატურაში ევროპა წერია, ამიტომ უფლება აქვთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდონ?! ჩვენ რა, ჩვენი სუვერენიტეტი მატო რუსეთთან მიმართებაში გვაინტერესებს თუ გვაინტერესებს ყველასთან მიმართებაში?! დიახაც, ზუსტად იმეორებს რუსეთის პოლიტიკას, ვინც ცდილობს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0