
მსჯავრდებულთა რაოდენობაში შედის არა მხოლოდ პატიმრები, არამედ პირობითი მსჯავრის მქონე პირები, ყველა, ვიზეც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, მათი რაოდენობა არის 22 000, თუმცა პატიმრების 8 700, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ალტ-ინფოს“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც დღეს პატიმართა რაოდენობამ „ნაციონალური მოძარაობის“ დროს არსებულ რაოდენობას გადააჭარბა.
როგორც საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს ტყუილი და მანიპულაციაა.
„ვნახეთ ბრიუსელის პროპაგანდისტების კამპანია, რომელიც მსჯავრდებულებთან დაკავშირებით გააჩაღეს. ეს არის უმარტივესი ტყუილი და მანიპულაცია. მსჯავრდებულთა რაოდენობაში შედის არა მხოლოდ პატიმრები, არამედ პირობითი მსჯავრის მქონე პირები, პრობაციაზე მყოფები და საერთო ყველა, ვიზეც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, მათი რაოდენობა არის 22 000, თუმცა პატიმრების 8 700. ასე რომ, არანაირი კორელაცია არ არის იმასთან, რა სასტიკი სისტემაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც 21 000 მხოლოდ პატიმარი ჰყავდა. მათ 310 000 საქართველოს მოქალაქე გაატარეს პრობაციის მარწუხებში. მოსახლეობის 10% ნაციონალურ მოძრაობას გამოცხადებული ჰყავდა კრიმინალად.
იმ კრიმინალური რეჟიმის მეხოტბეები, წარმომადგენლები და გულშემატკივრები რაღაცნაირად ცდილობენ თავის დამკვიდრებას და ასეთ მანიპულაციას ავრცელებენ. კიდევ ერთხელ დააკვირდით, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში კოორდინირებულად ჩართული იყო ბრიუსელის ყველა პროპაგანდისტული მედია თუ პროპაგანდისტი აქტივისტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0