
ჩვენ სამი წლის წინ გადავრჩით ახალ ომს, სამი წლის წინ გადავრჩით ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელახალ ხელყოფას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში, იუნკრების მემორიალთან განუცხადა.
მისივე თქმით, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები სამი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებისგან ესკალაციას ითხოვდნენ.
„ყველა ვხვდებით, რომ ის გადაწყვეტილება, რაც სამი წლის წინ ზუსტად ამ ადგილას გაცხადდა, სასიცოცხლოდ ეგზისტენციალური მნიშვნელობის გადაწყვეტილება იყო. ჩვენ სამი წლის წინ გადავრჩით ახალ ომს, ჩვენ სამი წლის წინ გადავრჩით ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელახალ ხელყოფას. სამი წლის წინ გადავრჩით სისხლისღვრას, ახალ ცრემლს, შავებში ჩაცმულ ახალ ადამიანებს, რომლებიც კიდევ ერთხელ დაიტირებდნენ ჩვენი ბოლო 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში თავიანთ ოჯახებს. ამას გადავრჩით ჩვენ სამი წლის წინ და აქეთკენ გვიბიძგებდნენ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც სამი წლის წინ ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან ესკალაციას, სანქციების დაწესებას და მოხალისე მებრძოლების გაგზავნას, ანუ საქართველოსგან ითხოვდნენ ომში შესვლას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0