
4 ოქტომბერსაც ვნახეთ, ლიდერები როგორ მიიფანტნენ, მანამდე ძალადობრივი აქციების დროს ვნახეთ, ლიდერები როგორ იმალებოდნენ და წინა ხაზზე გაუშვეს ყველაზე მოწყვლადები. ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის მთავარი ამორალურობა არის სწორედ ის, რომ ყველაზე მოწყვლადები გაუშვეს წინ, თვითონ დაიმალნენ და ახლა ამაზე პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ადამიანები, ვინც დღეს სასჯელს იხდიან ძალადობისთვის, პოლიციელებზე თავდასხმისთვის, პარლამენტისა და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, არიან სწორედ ამ პოლიტიკური ლიდერებისა და ევროპელი ლიდერების პირადი პატიმრები“.
„მათ წააქეზეს. გახსოვთ, ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირ მხარი დაუჭირა 4 ოქტომბრის გადატრიალებისთვის დაანონსებულ შეკრებას. წააქეზეს, წაიყვანეს ძალადობაზე და ახლა ჩირგვებში არიან დამალული, ერთი სიტყვის თქმა არ უნდათ ამასთან დაკავშირებით. რაც მთავარია, თვითონ ამ ადამიანებმა, ვინც დღეს იხდიან სასჯელს ძალადობისთვის, უნდა გააცნობიერონ და დაფიქრდნენ, რომ მათ საქართველოს სახელმწიფო კი არ ედავება და მისი სახელმწიფოს გამო კი არ არიან დღეს ციხეში, ისინი არიან ავანტიურისტი პოლიტიკოსების და საქართველოსთვის ბოროტის მსურველი უცხოელების პირადი პატიმრები. მათ შორის, ვნახეთ პროცესების დროსაც, როდესაც აქეზებდნენ, საპროცესო შეთანხმებაზე არ წასულიყვნენ, არ ეღიარებინათ ის, რასაც პირდაპირ ეთერში ვხედავდით, როგორ ურტყამდნენ პოლიციელს, როგორ ესროდნენ მაშხალებს. არ ეღიარებინათ ეს, რაც პირდაპირ ეთერში ვნახეთ. ასე რომ, მგონი, დროა, დაფიქრდნენ ეს ადამიანები და სათანადო პასუხი გასცენ მათ, ვისი წაქეზებითაც საპატიმროში აღმოჩნდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 მაისიდან
18/05/2026