
საქართველოს შეიარაღებული ძალების პილოტმა, იმედა მაისურაძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაიხსენა, რომ მას შემდეგ, რაც არ შეასრულა ირაკლი ოქრუაშვილის დავალება, კოდორის ხეობაში ნორა და ემზარ კვიციანების სახლები გაენადგურებინა, ის დააკავეს და ფოთში გადაიყვანეს.
იმედა მაისურაძის თქმით, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მოღალატე იყო და უნდა გაესამართლებინათ.
„უკვე მეორედ რომ ვბრუნდებოდი თვითმფრინავით უკან, სენაკში, ვიდრე დავჯდებოდი, ვხედავდი, რომ ციმციმებიანი მანქანები მელოდებოდნენ. სამხედრო პოლიცია მელოდებოდა. დამაკავეს და წამიყვანეს ფოთში, მოღალატე ხარ და უნდა გაგასამართლოთო, დავალება არ შეასრულეთ, მოღალატეები ხართო. სენაკში სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. ოქრუაშვილი ამ პერიოდიდან უკვე ჩაეხსნა ყველაფერს ჩვენთან ურთიერთობაში. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, სამშობლოს მოღალატე, უვარგისი მფრინავი ხართო. ფოთში იყო რაღაც სატუსაღო ბევრი კოღოებით. მარტო მე დამიჭირეს, დანარჩენი მფრინავები არ დაუჭერიათ. გავყავდი დაკითხვებზე, რაღაცებს მაბრალებდნენ. ისეთ რაღაცებს ამბობდნენ, რაც სრული სისულელე იყო, თითქოს ემზარ კვიციანისგან რაღაც თანხა მქონდა აღებული და ამიტომ არ ვისროლე. არავითარი ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, ძირითადად იყო ლანძღვა. შემდეგ ჩაატარეს რაღაც თათბირი, შეკრიბეს მთელი ავიაციის პირადი შემადგენლობა. ფოთიდან ჩამომიყვანეს სენაკში ამ შეკრებაზე, კიდევ გვლანძღეს ყველა და ისევ წამიყვანეს ფოთში. აქედან ორი დღის შემდეგ ჩამოვედი სენაკში და გადმოვფრინდი თბილისში, გამათავისუფლეს. თუ ასეთი საშიში ვიყავი, ვერტმფრენი ისევ რატომ მანდეს? თავდაცვაში დავრჩი და საბრძოლო ვერტმფრენით გავფრინდი თბილისში“, – განაცხადა იმედა მაისურაძემ.
0
0