
რომის პაპმა ლეონ XIV-მ ლონდონში დაბადებული იტალიელი მოზარდი კარლო აკუტისი, რომელიც 2006 წელს 15 წლის ასაკში გარდაიცვალა, კათოლიკური ეკლესიის პირველ "მილენიალ" წმინდანად შერაცხა. ლეიკემიით გარდაცვლილი კარლო კათოლიკური სწავლების, „სასწაულების“, გასავრცელებლად ვებსაიტებს ქმნიდა, რის გამოც მას ონლაინ "ღვთის ინფლუენსერის" ზედმეტსახელიც შეარქვეს. კარლო ჯერ ექვსი თვისაც არ იყო, როდესაც მისი მშობლები სამშობლოში, იტალიაში, დაბრუნდნენ და მან სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი მილანში გაატარა.
მილიონზე მეტი ადამიანი იტალიის ბორცვზე მდებარე ქალაქ ასიზში გაემგზავრა, სადაც ცვილით დაფარული კარლოს ცხედარია დაკრძალული. ლონდონში, ჩელსის რაიონში, რომის კათოლიკური ეკლესიის უკანა მხარეს მდებარე შადრევანი სწორედ ის ადგილია, სადაც კარლო 1991 წელს ჩვილობისას მოინათლა. ეკლესიის გვერდით ძველი აღსარების კაბინეტი მისი სულისთვის სალოცავად გადაკეთდა. ეკლესიაში არსებულ რელიქვიის სათავსოში კარლოს თმის ერთი ღერი ინახება. კარლო აკუტისის ზოგიერთი ნაცნობის თქმით, ის განსაკუთრებულად ღვთისმოსავი არ ჩანდა, თუმცა მოზარდობის ასაკში მან შექმნა ვებსაიტი (რომლის გვერდებიც ახლა ჩელსის ეკლესიაშია განთავსებული), სადაც სასწაულები იყო დოკუმენტირებული.
კარლოს გარდაცვალების შემდეგ, მისი დედა, ანტონია სალსანო, მსოფლიოს სხვადასხვა ეკლესიებს სტუმრობდა, რათა შვილის წმინდანად შერაცხვა დაესაბუთებინა.
„კარლომ პირველი სასწაული თავისი დაკრძალვის დღეს მოახდინა. ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალს, რომელმაც კარლოსთვის ილოცა, ქიმიოთერაპიის დაწყება მოუწია, რის შემდეგაც, კიბო მთლიანად გაქრა“, - თქვა ანტონია სალსანომ.
ლონდონელი ახალგაზრდა კათოლიკე დიეგო სარქისიანის თქმით, ამა თუ იმ პიროვნების წმინდანად შერაცხვის დასაბუთებას შეიძლება ათწლეულები ან საუკუნეებიც კი დასჭირდეს, თუმცა არსებობს განცდა, რომ, ახალგაზრდებში ღვთისადმი რწმენის გაღვივებისა და შთაგონების მიზნით, ვატიკანმა კარლო აკუტისის წმინდანად შერაცხვა დააჩქარა.
0
0