21/04/2025
12:10
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.
რომის პაპი ფრანცისკე მძიმე პნევმონიით რომის ჯემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ ის საავადმყოფოდან გაწერეს.
ვატიკანში, სააღდგომო მესას პაპი ფრანცისკე გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაუძღვა, რაც მისი პონტიფიკოსობის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო. წირვა კარდინალმა ანჯელო კომასტრიმ ჩაატარა, თუმცა პაპი მორწმუნეების წინაშე, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოჩნდა და მათ აღდგომის დადგომა მიულოცა. ტრადიციული ურბი ეთ ორბი მიმართვა ქალაქსა და მსოფლიოს კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაუკითხა.
რომის პაპი იყო პირველი პაპი ამერიკიდან ან სამხრეთ ნახევარსფეროდან. მას შემდეგ, რაც სირიაში დაბადებული გრიგოლ III გარდაიცვალა, 741 წელს, არაევროპელი პაპი ვატიკანში არ ყოფილა. ფრანცისკეს წინამორბედი, ბენედიქტ XVI, თითქმის 600 წლის განმავლობაში იყო პირველი პაპი, რომელიც ნებაყოფლობით გავიდა პენსიაზე. ფრანცისკე იქნება პირველი პაპი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.
0
0