
დღეს ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიმ სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით გაკეთებული საკუთარი განცხადებაზე ვრცელი განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ბანერებთან დაკავშირებით, პოზიცია გულწრფელად და ღიად გამოხატა. მისივე თქმით, ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიულ არჩევანს.
“მე მკითხეს ჩემი მოსაზრება ამ ბანერების შესახებ და გამოვხატე ჩემი პოზიცია გულწრფელად და ღიად. როგორც ევროკავშირის ელჩი, ყველა ჩემ კომუნიკაციაში ვცდილობ, რომ არ ვიყო დადანაშაულებული ჩარევაში. ვიმეორებ კიდევ ერთხელ, მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი ხედვა. ვინც არ უნდა იყოს არჩეული ქართველი ხალხის მიერ, ძალიან სწრაფად ვიმოქმედებთ. ჩვენ გვინდა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი იყოთ, რომ ერთ მაგიდასთან ვისხდეთ ევროკავშირის ახლანდელ ლიდერებთან და ერთად ვსაუბრობდეთ ჩვენი საერთო მომავლის შესახებ. შემიძლია ხმამაღლა და ცხადად გავიმეორო, რომ არჩევანი ქართველების ხელშია.
26 ოქტომბერს, თქვენ გადაწყვეტთ რომელი მთავრობა გინდათ რომ გყავდეთ თქვენს ქვეყანაში. როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიულ არჩევანს. მზად ვიქნებით ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან. რომელიც არჩევნების შემდეგ დაკომპლექტდება, ამავდროულად თუ საქართველოს უნდა რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ევროპული ღირებულებები გამყარდება. თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა ადამიანის უფლებები. თუ მთავრობას უნდა საქართველო ევროკავშირის მიმართულებით წაიყვანოს ეს ღირებულებები დაცული უნდა იყოს,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულამ“ გამოაქვეყნა ციტატა დიპლომატის გამოსვლიდან, სადაც პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ “ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გახდება,“ მოგვიანებით კი ეს ციტატა წაიშალა. ევროკავშირის წარმომადგენლობას დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.
0
0