
მთავარი, რაც იწვევს გახლეჩვას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, ყველამ უნდა იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას.
„რაც შეეხება სუვერენიტეტს, ერის ერთიანობას და გახლეჩვას, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაც სურს, ჩართული იყოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებში, საკუთარი ქმედებები, მოქმედებები ააგოს სიმართლეზე. შეიძლება, არსებობდეს ცდუნება პოლიტიკური ინტერესების მქონე ადამიანებში, თქვან ტყუილი იმისათვის, რომ უკეთესად დააჯერონ საზოგადოება რაღაცაში, შეიძლება, ასეთი რამე სცადონ. მთავარი, რაც იწვევს გახლეჩვას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით. უამრავი ტყუილი ვრცელდება და ეს უამრავი ტყუილი, სიცრუე, რასაც გამუდმებით თესავენ, სწორედ ეს არის ის, რაც იწვევს საზოგადოების გახლეჩვას. ეს არის მთლიანად გარედან თავსმოხვეული. ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი. მე ხშირად ვიხსენებ ხოლმე რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის 10-წუთიან ვიდეომიმართვას, რომელიც მან ჩაწერა მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რასაც ჰყვება სლოვაკეთთან დაკავშირებით, რას უკეთებენ სლოვაკეთს და სლოვაკურ საზოგადოებას გარე ძალები, როგორ ახვევენ თავს სიძულვილს და ა.შ, ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ქვეყანაში.
რაც შეეხება საზოგადოების გახლეჩვას, აქ მთავარია, ყველამ იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0