
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება, გია ანსიანს უსმენენ, რომელიც 2008 წელს სოფელ ხაიშში სატყეო დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.
ანსიანმა გაიხსენა 15 აგვისტოს მასთან განხორციელებული ზარი, რომლითაც უკლებლივ ყველა ტყის მცველს ქუთაისში თათბირზე იბარებდნენ.
„დათო ცინდელიანი მეუბნება, ზურგი მტკივა, ვერ წამოვალ ქუთაისშიო. რახან უკლებლივ ყველა იყო დაბარებული, გადავურეკე სამმართველოს უფროსს, დავით ცინდელიანი ცუდად არის და ვერ მომყავს-მეთქი. პატარა პაუზის შემდეგ მკითხა, ვინო, და ვეუბნები, დავით ცინდელიანი-მეთქი. ისევ პატარა პაუზა იყო, ტელეფონშიც ისმოდა, ვიღაც ეუბნებოდა, ფეხიც რომ ჰქონდეს მოტეხილი, უნდა წამოიყვანოსო. სამმართველოს უფროსი კახაბერ ტურავა იმეორებს ამ სიტყვებს. ტელეფონი ხმამაღალზე მაქვს, დათოსაც ესმის და ზაურსაც. რაღაც პატარა წაიბურტყუნა, შევიდა სახლში და ორ წუთში გამზადებული გამოვიდა, წამოვედით. ხაიშში კიდევ ერთი ტყის მცველი გოგო, გულიკო ჭკადუა ჩავისვი და წამოვედით. ძალიან ჩქარა მოვდიოდი, ტრასა ცარიელი იყო, მაგრამ ყოველ წუთში მირეკავდნენ, სად ხარო“, – აღნიშნა გია ანსიანმა.
გია ანსიანმა ასევე გაიხსენა ქართული ჯარის მიერ კოდორის დატოვება და აღნიშნა, რომ სწორედ ადგილობრივებს აჰქონდათ ტყეში მყოფ ჯარისკაცებთან სამოქალაქო ტანსაცმელი, საკვები, რათა მათ შეძლებოდათ ჩამოსვლა.
ამასთან, ანსიანმა აღნიშნა, რომ ქუთაისისკენ მიმავალ რეინჯერებს ხობთან 80 ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა შეხვდა, რომელიც აფხაზეთისკენ მიდიოდა.
„მანქანას წინა დღეს მართმევდნენ რუსები, რახან სახელმწიფო მანქანა იყო. სოფლის შემოსასვლელში იდგნენ მათი ტანკები და მანქანას ლოგოები მოვხსენი, ამიტომ იმ დღეს არ გავუჩერებივარ. ყველას არ აჩერებდნენ. კოდორიდან ჩვენი ჯარი რომ გადმოვიდა, მათ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩავაცვით. ტყეში აგვქონდა საჭმელი, ტანსაცმელი, რომ გადაცმულიყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში და ისე ჩამოსულიყვნენ იქიდან. ხაიშიდან რომ წამოვედით, ძალიან სწრაფად მოვიდოდით და გზაზე, თვითონ დათო ცინდელიანი ითვლიდა, 80 ერთეულამდე ჯავშანტექნიკა შეგვხვდა რუსებისო, ალბათ აფხაზეთის მხარეს მიდიოდნენ. ზოგს მანქანა ჰქონდა გამობმული, ზოგს „პუშკებივით“ რაღაცები, თავიანთი იყო თუ არა, არ ვიცი, რადგან ძალიან სწრაფად მივდიოდი და მე არ დავაკვირდი. დათო ჰყვებოდა, 80 ცალი დავთვალეო“, – განაცხადა გია ანსიანმა.
გია ანსიანმა ასევე გაიხსენა, როგორ ჩასვეს უცნობმა პირებმა დავით ცინდელიანი მანქანაში და წაიყვანეს.
„ქუთაისის შემოსასვლელში რომ ჩამოვედით, უკვე შეგხვდნენ ჩვენი სამმართველოს მანქანები, „ნივები“ ვნახე. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი. მითხრეს, მიდით, თქვენ გელოდებიანო, უბრალოდ, ხელი მოგვაწერინესო. გადავედი ხიდზე, წყალტუბოს გზატკეცილისკენ უნდა ჩამეხვია, მაგრამ შემეშალა და 100 მეტრით გავცდი. გავაჩერე მანქანა, ზაურ ცინდელიანმა იკითხა, წყალტუბოს გზატკეცილისკენ როგორ წავსულიყავით. სამი ახალგაზრდა მომადგა მე, ჩემს მხარეს მოვიდა და გვარი მკითხეს. ვუთხარი, ანსიანი-მეთქი. ჩემ უკან იჯდა დავით ცინდელიანი და უთხრეს, შენ გადმოდიო. პირდაპირ წაიყვანეს მანქანისკენ. შავი მაისურები და შავი შარვლები ეცვათ, სპორტული აღნაგობის ახალგაზრდები იყვნენ. ვუთხარი, სად მიგყავთ, სამმართველოში ვართ დაბარებული-მეთქი, ყველაფერი ვიცითო და ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოგვყევითო. ვჯდები მანქანაში, მაგრამ მანქანის გასაღები აუცლიათ. ეს ხდება ბანკის წინ, იქვე კამერებიც იყო, მაგრამ ჩანაწერები არავინ გვანახა. ორჯერ ვიყავით ამისთვის ჩამოსული, მოვითხოვეთ ჩანაწერები. გატაცებული არისო, რატომ უნდა გაეტაცებინათ-მეთქი, ფული არ ჰქონდა მას. შეიძლება, ქალებმა გაიტაცესო, ფაქტობრივად, დაგვცინოდნენ. გასაღები რომ არ გვქონდა, მაშინვე დავრეკე და მოვიდა ქუთაისის სატყეოს სამმართველოს უფროსი, ქუთაისის პოლიციის სამმართველოს უფროსი და გადაგვიყვანეს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე. მანამდე რეკავდნენ, რა ხდებაო. ღამის ორ საათამდე გვკითხავდნენ სხვადასხვა ადგილას და გატაცებულიაო, ამბობდნენ. თბილისიდან ვინც იყვნენ ჩამოსული, ვინც თათბირი ჩაატარა, ვითომ გველოდნენ და არც კი გვნახეს, ისე წავიდნენ. თბილისიდან ჩამოსული იყვნენ უფროსი ლაშა ჭკადუა, მოადგილე კურირებდა ამ ყველაფერს- ბადრი მამინაშვილი“, – განაცხადა გია ანსიანმა.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ანსიანს ჰკითხა: „თქვენ ურეკავთ, ეუბნებით, კაცი დავკარგე დღისით, მზისით და არც ჭკადუა და არც მამინაშვილი არ მოდის?“ – რაზეც ანსიანმა აღნიშნა:
„უშუალოდ მათთვის არ დამირეკავს, ჩემს სამმართველოს უფროსს დავურეკე, ასე მოხდა-მეთქ და ის მოვიდა, მისი მოადგილე და შემდეგ პოლიცია. იმ ადამიანებს კი ის გზა უნდა გაევლოთ, თუმცა ისე გაიარეს, არც კი გაჩერდნენ“, – განაცხადა გია ანსიანმა.
ცნობისთვის, გამოძიების თანახმად, 2008 წლის აგვისტოში კუდ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონში მცხოვრები დავით ცინდელიანი, თითქოსდა აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობის გამო, გასაუბრებისთვის თბილისში ჩაეყვანა, თუმცა მოგვიანებით, მიღებული დავალების შესაბამისად, ცინდელიანი ჩაიყვანეს ბათუმში და რომან შამათავას გადასცეს. შსს-ს ცნობითვე, დავით ცინდელიანი, რომელიც აფხაზებთან რაიმე კავშირს უარყოფდა, რომან შამათავამ, თანამშრომელთან ერთად, ნავით გაიყვანა შავ ზღვაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და გვამი წყალში გადააგდო.
0
0