04/09/2023
08:49
პოლიტიკა
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დღეიდან იწყება.
რამდენიმე საათში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა შედგება, რის შემდეგაც კანონმდებლები საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
ამ ეტაპზე საჭიროა 50 დეპუტატის თანხმობა, თუმცა შემდეგ იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მისაყვანად უკვე 100 კანონმდებლის ხელმოწერაა აუცილებელი, რის მიღწევასაც უმრავლესობა ოპოზიციის გარეშე ვერ შეძლებს - საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა კი სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"საკონსტიტუციო სასამართლო, მას შემდეგ რაც ჩვენ მივმართავთ მას, შესაბამისს ვერდიქტს გამოიტანს. ეს არის, პირველ რიგში, მიმართული იმისკენ რომ საქართველოს კონსტიტუცია იყოს დაცული და სხვადასხვა პოლიტიკური მიზანშეწონილობებიდან გამომდინარე არ ხდებოდეს მისი მუდმივად დარღვევა. მუდმივად ხდება სპეკულირება სხვადასხვა პოლიტიკურ სიტუაციებზე. არანაირი კავშირი სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის უხეშად დარღვევასა და საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას შორის, არ არსებობს," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ პირველ სექტემბერს განაცხადა.
0
0