
კაია კალასი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში საკუთარი როლის განსაზღვრას ცდილობს. კალასი მოლაპარაკებებში ევროპის სახელით მონაწილე ჯგუფში არ შეიყვანეს, თუმცა აქტიურად მუშაობს იმ პირობებისა და მოთხოვნების ჩამოყალიბებაზე, რომლებსაც ევროპა რუსეთთან მოლაპარაკებებისას დააყენებს.
კალასმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებების თანახმად, საგარეო პოლიტიკის საკითხებში სწორედ მას ეკისრება წამყვანი როლი. ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას კალასმა განაცხადა, რომ მზად არის, მოლაპარაკებებშიც უშუალოდ ჩაერთოს.
„გადაშალეთ ხელშეკრულებები და წაიკითხეთ. ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე? ევროპაში კანონის უზენაესობა სწორედ ხელშეკრულებებს ეფუძნება. ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებლობას ვიღებ და მზად ვარ, ეს საქმეც შევასრულო“, – განაცხადა კალასმა.
უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის ფორმატზე რამდენიმეკვირიანი დისკუსიის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გასულ კვირას დუბლინში განაცხადა, რომ ევროპას მოლაპარაკებებში საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები წარმოადგენენ. პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები. კაია კალასი ამ ჯგუფში არ მოხვდა.
აღნიშნული მიდგომა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ესპანეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.
„ევროპას ერთი ხმა სჭირდება. 27 მიკროფონით ვერ ვისაუბრებთ. ამისთვის გვჭირდება მკაფიო მანდატი და პროცედურები, რათა საერთო პოზიციაზე შევთანხმდეთ“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა.
როგორც „პოლიტიკო” წერს, ევროკავშირის ზოგიერთი დიპლომატის შეფასებით, კალასის მოლაპარაკებათა ჯგუფში არყოფნის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ მისი კრიტიკული პოზიციაა. მოლაპარაკებებში ჩართული სხვა წარმომადგენლების განმარტებით კი, კალასის არყოფნა უფრო მარტივი მიზეზით აიხსნება: მოლაპარაკებები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე მიმდინარეობს და არა საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელების მონაწილეობით. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო რაუნდებში არც მარკო რუბიო მონაწილეობდა და არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
ევროკავშირის დიპლომატების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პოლიტიკაში საგარეო საქმეთა მინისტრების როლის შემცირების უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია.
„ეს ფართო ტენდენციის ნაწილია, რომლის შეჩერებაც რთულია. სულ უფრო მეტ საერთაშორისო საკითხს, რომლებსაც ადრე საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავდნენ, ახლა პრემიერ-მინისტრები ან პრეზიდენტები წყვეტენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
მისი თქმით, ახლა კალასისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის მთავარი ამოცანაა, პროცესზე გავლენა შეინარჩუნონ და მოლაპარაკებებში გეოპოლიტიკური და სტრატეგიული ხედვა შეიტანონ, მაშინაც კი, თუ მათ უშუალოდ არ იწვევენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.
0
0