
დიდი ხანია, საქართველოს პარლამენტი ევროპული კანონებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო როდესაც „გამჭვირვალობის“, მანიფესტაციების შესახებ თუ სხვა კანონებს იღებდა, ქვეყანას აკრიტიკებდნენ, დღეს კი, ამ კანონების მიღება ევროპული დემოკრატიისა და მართლწესრიგის დასაცავად აუცილებელი ღონისძიებებია.
„ერთადერთი სხვაობა, რაც კანონებშია, არის ის, რომ ევროპული კანონები კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს გულისხმობს, ვიდრე მათი ქართული ანალოგი. ამ კანონებს როდესაც ვიღებდით, გვაკრიტიკებდნენ, დღეს კი, თურმე, ამ კანონების მიღება მათთვის ევროპული დემოკრატიისა და მართლწესრიგის დასაცავად აუცილებელი ღონისძიებებია. ამ პოზიციით თავის დროზე გამოსულიყვნენ და უფრო გავუმარტივდებოდათ როგორც წესრიგის, ასევე დემოკრატიის დაცვა, მაგრამ ამ ორმაგი სტანდარტის გამო, საქართველოსთვის მისაღები ბოდიში აქვთ მოსახდელი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სლოვენიის პარლამენტში დაჩქარებული წესით შეიტანეს კანონპროექტი, რომლითაც უცხოეთიდან დაფინანსებულ, მათ შორის, ევროკომისიის გრანტების მიმღებ ორგანიზაციებს საარჩევნო კამპანიის ორგანიზება აეკრძალებათ.
0
0