
ერთა ლიგის B2 ჯგუფის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები უკრაინასთან ჩაატარებს – შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
უკრაინა
ზედიზედ მესამე მარცხის შემდეგ (0:1 ჩრდილოეთ ირლანდიასთან) უკრაინის ნაკრები შეეცდება, მაქსიმალურად გამოიყენოს საშინაო მატჩის სტატუსი სლოვაკეთში, სადაც ამჟამად მეტოქეებს მასპინძლობს.
„ლურჯ-ყვითლებს“ პირველად ემუქრებათ ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩენისა და C ლიგაში დაქვეითების საფრთხე. ამ შეხვედრაში მარცხის თავიდან აცილება კი B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი იქნება.
საქართველოსთან გადამწყვეტ მატჩამდე უკრაინის ნაკრებს სამი ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა – გამოჯანმრთელდნენ კიევის „დინამოს“ ნახევარმცველი მიკოლა შაპარენკო, დონეცკის „შახტარის“ მცველი ვალერი ბონდარი და ჟიტომირის „პოლიესიეს“ ნახევარმცველი ალექსანდრ ნაზარენკო. სამივე მათგანი ჩრდილოეთ ირლანდიასთან ბოლო შეხვედრის (0:1) განაცხადში არ ყოფილა.
საქართველო
უნგრეთთან 0:2 მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები, რომელსაც მიმდინარე ციკლში ჯერ არ მოუგია (2 ფრე, 3 წაგება) და ხუთ შეხვედრაში გოლიც არ გაუტანია, ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს ტრავმების გამო ლიდერები – ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი ვერ ეხმარებიან, საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს.
ამას ემატება გიორგი წიტაიშვილის არყოფნაც, რომელმაც უნგრეთთან მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. სამაგიეროდ, დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ „ჯვაროსნებს“ გიორგი ქოჩორაშვილი დაუბრუნდება.
ვითარებას გუნდის კრიზისიც ართულებს – „ჯვაროსნებს“ ზედიზედ ცხრა შეხვედრაში არ მოუგიათ (2 ფრე, 7 წაგება). მიუხედავად ამისა, საქართველოს B ლიგაში დარჩენის შანსი აქვს, თუ უკრაინას დაამარცხებს და სატურნირო ცხრილში გადაასწრებს.
ვითარება ევრო 2028-ის წილისყრის წინ
უკვე გადაწყვეტილია, რომ ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე საქართველო მესამე კალათაში იქნება. თუ ერთა ლიგის ჯგუფს ბოლო ადგილზე დავასრულებთ, თითქმის გარანტირებულად ოთხგუნდიან ჯგუფში მოვხვდებით, რაც ჩვენთვის ნამდვილად არ არის სასურველი. ამიტომ უკრაინის დამარცხებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მხოლოდ ისტორიული გამოცდილება მეტყველებს – გუნდი ხშირად სწორედ მაშინ ახერხებს გამარჯვებას, როდესაც წარმატების მიღწევის შანსი უკვე დაკარგული აქვს.
0
0