
უკრაინა ვერ დაეთანხმება ევროკავშირის წევრობის ისეთ მოდელს, რომელიც ბლოკისთვის გარკვეული კვების პროდუქტების მიყიდვას სამუდამოდ შეზღუდავს - განუცხადა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტარას ვისოცკიმ გამოცემა POLITICO-ს.
ევროკომისიამ აღნიშნულ მოდელს მხარი სამშაბათს დაუჭირა, „გაფართოებამდე პოლიტიკის გადახედვის“ ფარგლებში, რაც ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.
„ჩვენთვის ფუნდამენტური განსხვავებაა გარდამავალ პერიოდსა და მუდმივ შეზღუდვას შორის. უკრაინა პირველისთვის მზადაა, ხოლო მეორე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის იდეასა და ლოგიკას“, - აღნიშნა ვისოცკიმ წერილობით განცხადებაში.
უკრაინის ევროკავშირში სავარაუდო გაწევრიანება ფუნდამენტურ კითხვებს აჩენს აგრარული სექტორის მხარდაჭერასა და იმპორტთან დაკავშირებით. უკრაინას მსოფლიო ბაზარზე მილიონობით ტონა მარცვლეული გააქვს ექსპორტზე, ხოლო ევროკავშირში პროდუქციას მკაცრი კვოტირების რეჟიმით ყიდის. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად პოლონეთმა, საკუთარი სოფლის მეურნეობის სექტორის დასაცავად უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი დაბლოკა.
ევროკომისიის წინადადებაში აღნიშნულია, რომ მას სურს „არსებითად შეზღუდოს ფინანსური მხარდაჭერა და ბაზარზე წვდომა სენსიტიური აგროპროდუქციისთვის“.
კიევისთვის ბაზარზე სრული წვდომის მინიჭების სანაცვლოდ, ევროკომისიას ურჩევნია, უკრაინას თავის „ისტორიულ“ საექსპორტო ბაზრებზე - მათ შორის აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში - დაბრუნებაში დაეხმაროს, ნათქვამია წინადადებაში.
0
0