
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დიპლომატიის აკადემიის შექმნას ითვალისწინებს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აკადემია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო სტატუსს მიიღებს და განახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამებს, ასევე, კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს.
ცვლილებებით, შემოდის ახალი დიპლომატიური კადრების მომზადების სისტემაც, რომლის მიხედვითაც, პირები, რომლებიც ფლობენ აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, დიპლომატიურ თანამდებობაზე დაინიშნებიან „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად.
კანონპროექტით იცვლება დიპლომატიური რანგების მინიჭების წესი და ფართოვდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალი, რომელთაც შეიძლება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი მიენიჭოთ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 8 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს დიპლომატიის აკადემია. პრემიერის თქმნით, მთავრობის ამოცანაა დიპლომატიური სამსახურისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის.
0
0