
ამ აქციის ორგანიზატორი არის ომის პარტია, რომელსაც საქართველოში ახალი ომი უნდა. მათ უნდოდათ 2022-ში, რაც ავაცილეთ ქვეყანას და დღესაც ეს ომი უნდათ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც დღეს დაგეგმილ აქციას შეეხებოდა.
„ეს არის ომის პარტია, რომელმაც 2008 წელს ვერ აიცილა ომი და შეიყვანა ხელახალ დამანგრეველ ომში. პერსონალურად ამ ადამიანებმა შეიყვანეს 2008 წელს ქვეყანა იმ სამხედრო დაპირისპირებასა და ომში, რომელმაც ნგრევა [გამოიწვია] და ადამიანების ბედისწერაზე ტრაგიკული გავლენა იქონია. ეს არის მტრობის, დაპირისპირებისა და ომის პარტია, რომელთაც უნდათ, რომ გარე პოლიტიკური ჯგუფების მომსახურე იყოს ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან შეაფასა ნიკა გვარამიას განცხადებებიც აფხაზეთთან დაკავშირებით.
„ეს ის ევროპული გზაა, რომელიც მათ წარმოუდგენიათ. ამაზე ვსაუბრობდით მათ შორის 2024 წელს, როდესაც ერთი მხრივ „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე ვსაუბრობდით, რომელიც გულისხმობს - ღირსებით ევროპაში და ამაში იგულისხმება აფხაზეთით და ცხინვალის რეგიონით ევროპაში. მათი მიზანია - ევროპაში ნებისმიერ ფასად, მათ შორის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ამ პოლიტიკას ისინი ახორციელებდნენ. 2008 წელს სააკაშვილს თავად აქვს მოყოლილი, რომ ომამდე საიდუმლო წერილი მისწერა მედვედევს, სადაც ის სთავაზობდა აფხაზეთის გაყოფას. სთავაზობდა, რომ ნატოსაც დათმობდა და აფხაზეთს გაყოფდა. ამ პოლიტიკას აწარმოებდა დიქტატორული რეჟიმი, რომ ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე გაეხსნათ სხვა პერსპექტივები. არანაირი ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ხარჯზე ქართველი ხალხისთვის არ არსებობს. ასე რომ, ნებისმიერი მცდელობა, რომ ქართველ ხალხს ფოჩიანი კანფეტები შესთავაზონ და ამის სანაცვლოდ ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი ათქმევინონ, კრახისთვისაა განწირული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0