
ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია 22 სექტემბერს, გლდანში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი გლდანში განვითარებულ პროცესებთან კონსტანტინე ზარნაძის კავშირს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომებზე სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ხშირად ხდება, თუმცა მისივე თქმით, ამას გაგრძელება არასდროს მოჰყოლია.
„გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. პირველ რიგში მინდა, ირაკლი ეძგვერაძეს და ყველა დაზარალებულს გამოჯანმრთელება ვუსურვო. გამოძიება უკვე დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უმოკლეს ვადებში დადგინდება. საკრებულოს სხდომაზე მწვავე განცხადებები და სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ხშირად ხდება, თუმცა საკრებულოს შენობის გარეთ ამას გაგრძელება არასდროს მოჰყოლია. მხოლოდ ამის გამო ისრების ჩვენკენ გადმოტანა არასწორია. ვფიქრობ, აქ სხვა პროცესთან გვაქვს საქმე და დარწმუნებული ვარ, გამოძიება ამას დაადგენს. ჩვენს ინტერესებში შედის ის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ამ პროცესში კონსტანტინე ზარნაძის კავშირს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ცალსახად გამოვრიცხავ. კიდევ ერთხელ, ვუსურვებ დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას და მოვუწოდებ მათ გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ინფორმაციისთვის, გუშინ გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ.
მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.
შსს-მ ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.
0
0
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დანია გახდა
01/07/2025