
ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი გადარჩა ავღანეთის პროვინციაში ავიაკატასტროფის შედეგად, წერს Reuters იმ რეგიონის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, სადაც კატასტროფა მოხდა.
ამავე ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის დიპლომატიური მისია ავღანეთში. მათი ცნობით, 4 დაშავებული ადამიანი, სხვადასხვა მოტეხილობით, კლინიკაშია გადაყვანილი.
რუსული მედიის ცნობით, ავღანეთში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი Falcon 10 ინდოეთიდან მოსკოვის მიმართულებებით ჩარტერულ რეისს ასრულებდა.
რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თვითმფრინავი რადარებიდან ავღანეთის ტერიტორიაზე გაქრა. ვარაუდობენ, რომ ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ორი მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი.
წინასწარი მონაცემებით, კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.
მედიის ცნობით, თვითმფრინავმა კურსიდან გადაუხვია და ტაჯიკეთის საზღვრიდან დაახლოებით 30-40 კილომეტრის დაშორებით მთას დაეჯახა.
ავარიამდე პილოტმა ტექნიკური პრობლემების შესახებ განაცხადა.
0
0