
საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო 12 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს, ირაკლი ბერაიას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის საბაჟოებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად განვითარდა 2022 წლიდან.
„საბაჟო საკითხებში არსებობს მრავალი გამოწვევა, რომლებიც ერთად უნდა გადავჭრათ რეგიონულ დონეზე: ნარკოტიკებითა და სიგარეტით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე ალკოჰოლური სასმელების ცნობილი ბრენდების გაყალბების თავიდან აცილება.
ანალოგიურად, მიმდინარე საერთაშორისო კონტექსტში პრიორიტეტულია საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობების დაბლოკვა.
ორივე მხარე მიესალმა ოპერატიულ ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს და სასაზღვრო პუნქტებზე მძიმე სატვირთო მანქანების ერთობლივი შემოწმების ხარისხს, ასევე ექსპერტთა მისიების შესრულებას, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპის საერთო სატრანზიტო სისტემაში ინტეგრაციისთვის“, – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0