
ნორვეგია რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების მოძებნისა და სამშობლოში დაბრუნებისთვის, ასევე სამხედრო ტყვეებისა და თავისუფლებააღკვეთილი მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად ფინანსურ დახმარებას გამოყოფს.
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ნორვეგიის მთავრობის მიერ გამოყოფილი 2.3 მილიონი ევრო გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით გადაირიცხება.
ნორვეგიის მთავრობის ცნობით, 1.4 მილიონი ევრო უკრაინაში დაბრუნებული ბავშვების რეინტეგრაციისა და დაკარგული ბავშვების მოძებნისთვის გამოიყოფა.
921 ათას ევროზე მეტი გამოიყოფა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცენტრალური სამძებრო სააგენტოსთვის. უწყების მიზანია, ადამიანების გაუჩინარების თავიდან აცილება. ასევე, ტყვედ აყვანილი, მოკლული ან დაკარგული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ოჯახებისთვის მიწოდება.
ცნობისთვის, ნორვეგია 28-29 სექტემბერს ტორონტოში მიმდინარე კონფერენციის თანამასპინძელია. მედიის ცნობით, ნორვეგიის მიზანი კორფერენციაზე აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო ყურადღების მიპყრობაა.
0
0