
მეგის ქარდავა მეუბნება, რომ ქურდობა ჩავიდნე და უნდა მეღიარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცოცხლებდი. ქურდობა არ ჩამიდენია და ამის აღიარებას არ ვაპირებ-მეთქი. ამის შემდეგ ყოფილი ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე წამიყვანეს. 20-მდე ადამიანი ფეხითა და ხელით მცემდა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიორგი ხოჭავამ განაცხადა.
გიორგი ხოჭავას თქმით, ცემის დროს მას კოხტა კოდუამ ნარკოტიკი ჩაუდო.
19 წლის ვიყავი, საღამო იყო, ნათესავის სახლიდან ვბრუნდებოდი სახლში. სახლამდე დარჩენილი იყო დაახლოებით 600-700 მეტრი. გააჩერა ორმა პიკაპმა, გადმოცვივდნენ იქიდან და ჩამსვეს მანქანაში. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ და ვაღიარებ, ვიდრე სამმართველოში არ მიმიყვანეს, ჩემთვის ხელი არ დაურტყამთ. გაჩერდნენ სამმართველოსთან, დაახლოებით ხუთ წუთში სამმართველოს ეზოდან გამოვიდა მეგის ქარდავა, ჩაჯდა თავის მანქანაში. როგორც კი მეგის ქარდავა ჩაჯდა თავის მანქანაში, გადმომიყვანეს და ჩამსვეს მეგის ქარდავასთან. ეს არაადამიანი, მხეცი, ცხოველი, ცხოველიც არ ეწოდება ალბათ ამ ადამიანს, მეუბნება რაღაც საქმეების შესახებ, კონკრეტულად ქურდობას ეხება ეს ყველაფერი. მეუბნება, თითქოს ეს ქურდობა ჩავიდნე მე და უნდა მეღიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წუთიც კი არ ვიცოცხლებდი. ვუთხარი, რომ ეს ქურდობა არ ჩამიდენია და არ ვაპირებ ამის აღიარებას. ამ პერიოდში მეგის ქარდავა არის სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე. თვითონ დაძრა მანქანა და ყოფილი ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე წამიყვანა. დაახლოებით ათი მანქანა გაჰყვა უკან და ის პიკაპებიც. უკვე მოსაღამოვდა და წრეზე დააყენეს მანქანები, აანთეს ფარები და წრეზე, შუაში მიმიყვანეს. მეუბნებოდნენ, რომ მუხლებზე უნდა დავჩოქილიყავი. ამ დროს არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, რეაგირება არ მქონდა. ამ დროს მეგის ქარდავამ დამარტყა და დავეცი ძირს. 20-მდე ადამიანი ფეხით და ხელით მცემდა. ცემის პერიოდში ჩამიდეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. კონკრეტულად კოხტა კოდუამ. ისეთი ნაცემი ვიყავი, ალბათ სხეულზე ადგილიც არ მქონდა დარჩენილი, საიდანაც სისხლი არ მომდიოდა. სისხლის გუბეები იდგა. ძირს დაგდებული გადამატრიალა მეგის ქარდავამ, ჩემი სისხლის გუბესთან დამადებინა თავი და მითხრა, ამელოკა. მე ისევ რეაგირება არ მქონდა. თავად დამადებინეს თავი და ჩემი სისხლის გუბეთი მომისვარეს სახე. ახლაც ვერ ვაცნობიერებ, რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ეს წამება. შემდეგ წამიყვანეს სამმართველოში და იქ გააგრძელეს ჩემი წამება“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.
0
0