
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ჰორიზონტალური ზომაა და ყველა ქვეყანას ეხება, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
„კომისია შეაფასებს საქართველოს მიღებულ ზომებს და მათ შესაბამისობას იმ რეკომენდაციებთან, რომლებიც ანგარიშში გავწერეთ. როგორც იცით, ჩვენ გავეცით რეკომენდაციები უვიზო რეჟიმთან დაკავშირებითაც. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ჰორიზონტალური ზომაა და ყველა ქვეყანას ეხება, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვთ. ჩვენ მივესალმებით ევროპარლამენტის მიერ კვირის დასაწყისში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალი წესების მიღებას, რომელიც ჩვენ 2023 წელს წარვადგინეთ. ეს მოჰყვა პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც წლის დასაწყისში იყო და ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი, ვიდრე ძალაში შევა.
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამოყენება უკვე შესაძლებელია უკანონო მიგრაციის უეცარი ზრდის შემთხვევაში, რეადმისიაზე თანამშრომლობის არარსებობის ან უსაფრთხოების რისკების შემთხვევაში. ახლა ახალი წესები იძლევა აქტივაციისთვის ახალ საფუძვლებს. მაგალითისთვის, ეს მოიცავს სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის არარსებობას, ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მიღების სქემებს, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მიგრაციის ინსრტუმენტალიზაციას და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესებას მესამე ქვეყანასთან. ასევე, ეს შესაძლოა, მოიცავდეს ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების სერიოზულ დარღვევებს.
რომ შევაჯამოთ, ახალი წესები უფრო სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებების საშუალებას იძლევა, როდესაც საუბარია უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. ახალი საფუძვლები იქნება უფრო სწრაფი და მოქნილი“, – განაცხადა მარკუს ლამერტმა.
0
0