
2022 წელს გამართულ კონფერენციაზე დავინახეთ ქრისტიანული ღირებულებების, როგორც ევროპელი ხალხების იდენტობისა ნაწილის უგულებელყოფა, ვიგრძენით მოვალეობა, აქტიურად ჩავრეულიყავით და მიგვეთითებინა ევროპულ ღირებულებათა ჩარჩოში ქრისტიანული ღირებულებების არარსებობაზე, – ამის შესახებ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, მაქსიმოს ხარაკოპულოსმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტები და ინსტიტუციური პროცედურები, რათა ევროკავშირის აღმშენებლობის ცენტრში ქრისტიანული ღირებულებები დააბრუნონ.
„დღეს ვიმყოფები ულამაზეს ქალაქ თბილისში, ქართველი ერის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ეს გახლავთ გარდამტეხი მოვლენა, რომელმაც წარუშლელი ბეჭედი დაასვა ქართველობის იდენტობას, მათ მდიდარ კულტურასა და ისტორიას. ჭეშმარიტად გვიხარია, რომ ქართული მიწის ყოველ კუთხეში აღმართულია მშვენიერი ტაძრები. ისინი მოწმობენ მათ მკვიდრთა ურყევ რწმენას, რომელიც ვერ გატეხა ვერცერთმა ძალაუფლებამ. ამასთანავე, საბჭოთა ტოტალიტარიტიზმის განსაცდელიდან საქართველოს ეკლესია გამოვიდა კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული, უფრო დიდი ავტორიტეტით, რათა სამწყსოს მეშვეობით თავისი მოვალეობა შეესრულებინა ნეტარხსენებული პატრიარქის, ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი შეუდარებელი მოღვაწეობის წყალობით. ამას დღეს ღირსეულად აგრძელებს მისი მემკვიდრე პატრიარქი, შიო მესამე. საქართველოს ეკლესია განიცდის თავისებურ გაზაფხულს ღვთის სადიდებლად.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპამ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის შესაშურ გარემოს მიაღწია მსოფლიო ისტორიაში. ეს პროცესი ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებით კიდევ უფრო გაფართოვდა, მიუხედავად ამისა, ევროპული აღმშენებლობა ამავდროულად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც მის პოლიტიკურ იდენტობასაც უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანია მცდელობა, რომ უგულებელყოფილ იქნეს ქრისტიანობის, როგორც ევროპული ცივილიზაციის მთავარი ბოძის მნიშვნელობა, იგნორირებულ იქნეს ქრისტიანული პრინციპები და ღირებულებები. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება ევროპელ მოქალაქეთა უმრავლესობის პოზიციას. ჩვენ მოწმენი ვართ სახიფათო რევიზიონისმისა, რომელიც მიზნების მიღწევის საშუალებად ძალადობას ამკვიდრებს და უგულებელყოფს როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ისე კატასტროფულ შედეგებს. უპირველეს ყოვლისა, ამას ვხედავთ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. გარდა ამისა, საქართველოს ასეთი მოქმედებები თავის უახლოეს წარსულში აქვს განცდილი. პატივს ვცემთ რა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ პრინციპებს, ასევე გვმართებს, ვიშრომოთ საერთაშორისო კანონიერების აღდგენისთვისაც და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ შერიგების, ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და მშვიდობის ქრისტიანულ პრინციპებს.
თბილისში ჩვენი დღევანდელი ყოფნა წარმოადგენს იმ შეხვედრის გაგრძელებას, რომელიც ევროპარლამენტის შტაბ-ბინაში გაიმართა ბრიუსელში. იქ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის ინიციატივით, სხვადასხვა ქვეყნის დეპუტატებთან, ევროპარლამენტარებთან და რელიგიურ ორგანიზაციებთან გვქონდა შესაძლებლობა, რომ განგვეხილა სწორედ ეს თემა, ქრისტიანული ღირებულებების როლი თანამედროვე ევროპულ რეალობაში. ეს შეხვედრა ერწყმის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის იმ ინიციატივებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში ხორციელდება. ჩვენი გადაწყვეტილების გარდამტეხ წერტილად იქცა 2022 წლის მაისში ჩატარებული კონფერენცია ევროპული მომავლის შესახებ, სადაც დავინახეთ ქრისტიანული ღირებულებების, როგორც ევროპელი ხალხების იდენტობისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილის სრული უგულებელყოფა. ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ 300-გვერდიან ტექსტში არცერთხელ არ არის ნახსენები ევროპის ქრისტიანული ღირებულებები და მისი ფესვები. ჩვენ ვიგრძენით მოვალეობა, რომ აქტიურად ჩავრეულიყავით საჯარო დისკუსიაში და მიგვეთითებინა ევროპულ ღირებულებათა ჩარჩოში ქრისტიანული ღირებულებების არარსებობაზე.
2024 წელს, ევროპარლამენტის არჩევნების წინა დღეს, ევროპის ეკლესიათა კონფერენციასთან, ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციების კომისიასთან და ორგანიზაციის, „ერთად ევროპისკენ“ თანამშრომლობით, თესალონიკში ორგანიზება გაუკეთდა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე – პოლიტიკა როგორც ყოველდღიურობის ქრისტიანული ღირებულებების გამოხატვის სივრცე. კონფერენციაში მონაწილეებმა ხელი მოვაწერეთ მიმართვის ტექსტს პოლიტიკური ჯგუფებისადმი, რათა ევროპული განვითარების საძირკველად ქრისტიანული ღირებულებები აღიარონ. ამ ინიციატივამ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ევროპის ხალხთა პარტიის კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის და ევროპარლამენტის რელიგიის, რწმენისა და ცნობიერების, სინდისის თავისუფლების ინტერჯგუფის გააქტიურებაში, რომლის აღდგენაშიც მართლმადიდებლობის ასამბლეამ წამყვანი როლი შეასრულა. გარდა ამისა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ამავე მიზნისთვის თანამშრომლობს საპარლამენტთაშორისო კავშირთანაც, ჩვენ ცალმხრივად ვუჭერთ მხარს საპარლამენტთაშორისო კავშირის დეკლარაციებსა და მოწოდებებს, რომლებიც მიღებულ იქნა მარაკესა და რომში. ამ ტექსტებით ეროვნულ პარლამენტებსა და მსოფლიოს პარლამენტარებს მოუწოდებენ, ძალისხმევა მიმართონ საპარლამენტო და რელიგიურ ინსტიტუტებს შორის დიალოგის მშენებლობისაკენ.
საპარლამენტთაშორისო კავშირის დეკლარაციების მიზნების განხორციელების ძალისხმევაში ჩვენი ასამბლეის წვლილი აღიარებულია საერთაშორისო და ევროპულ დონეზე. პოლიტიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით. ასეთი ინიციატივის წარმატებით განხორციელებისათვის ყველაზე მომწიფებული სივრცე ევროკავშირი გახლავთ, რომელსაც სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტები და ინსტიტუციური პროცედურები აქვს, რათა ევროკავშირის აღმშენებლობის ცენტრში ქრისტიანული ღირებულებები დააბრუნონ, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მეჩვიდმეტე მუხლი ითვალისწინებს ევროკავშირის ღია, რეგულარულ და გამჭვირვალე დიალოგის დამკვიდრებას რელიგიებთან და იძლევა საუკეთესო საფუძველს, რომ სული და ხორცი შევასხათ საპარლამენტთაშორისო კავშირის წინადადებებს და საპარლამენტო რელიგიურ ინსტიტუტებს“, – განაცხადა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
0
0