
მისასალმებელია, როდესაც კოლეგას შეხვედრის სურვილი უჩნდება, გაიგოს რა ხდება რეგიონში, საქართველოში და როგორ შეიძლება წვლილი შევიტანოთ საქართველო-ევროკავშირის დიალოგში და ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მოლდოვაში ლუქსემბურგელ კოლეგასთან, ქსავიე ბატელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან ქართულ მხარეს ხშირად აქვს შეხვედრები.
„თქვენ ხედავთ, რომ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, სხვა მისი კოლეგებისგან განსხვავებით, არასდროს ამბობს უარს დიალოგზე. ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს შეხვედრები, ხშირად ვსაუბრობთ. მას ყოველთვის აქვს სურვილი, პირადად მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები ამა თუ იმ საკითხზე. ამას ნამდვილად ვაფასებთ, რადგან მიდგომა, რასაც ხედავს ევროკავშირში, არ არის მოსაწონი. ძალიან ხშირად მიმდინარეობს დისკუსიები საქართველოზე, მაშინ როდესაც საქართველოს არავინ ეკითხება პოზიციების დაფიქსირებას, არავინ ეკითხება თუ რა ხდება საქართველოში ჩვენი პერსპექტივიდან. შესაბამისად, მისასალმებელია, როდესაც მსგავსი სურვილი უჩნდება კოლეგას, რომ გაიგოს რა ხდება რეგიონში, საქართველოში, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და როგორ შეიძლება გავაჯანსაღოთ და წვლილი შევიტანოთ საქართველო-ევროკავშირის დიალოგში და ურთიერთობებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
0
0